27 ნოემბერი 2024,   11:56
ვრცლად
პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების და სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი მასალების უკანონო გავრცელება - სოსო გოგაშვილი პატიმრობაშია

სოსო გოგაშვილი პატიმრობაშია - გამოძიება სუსის ყოფილ მაღალჩინოსანს უწყებიდან საიდუმლო დოკუმენტების გატანასა და გავრცელებაში ადანაშაულებს. ფაილები მოიცავს როგორც სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან მასალებს, ასევე პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემცველ დოკუმენტებს. იმის გამო, რომ მასალებს გრიფით საიდუმლო ადევს, დღეს გოგაშვილის სასამართლო პროცესი დაიხურა, თუმცა ცნობილია ერთ-ერთი საბრალდებო ეპიზოდის შინაარსი. რუსეთის მოქალაქე ძალოვანს ბრალს მისი პერსონალური მონაცემების გასაჯაროვებაში სდებს. თავად გოგაშვილი მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალს საიდუმლო მასალების გასაჯაროებაზე უარყოფს, თუმცა ამავე დროს ხელისუფლებას მამხილებელი დოკუმენტების გამოქვეყნებით ემუქრება.

სუსის ყოფილ მაღალჩინოსანს გამოძიება კიდევ ორი მუხლით ედავება - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა. თუმცა პროკურატურა არ გამორიცხავს პატიმრობის პერიოდში სოსო გოგაშვილს ბრალი კიდევ უფრო დაუმძიმდეს და განსასჯელთა სკამზე მასთან ერთად მისი მოკავშირეებიც აღმოჩდნენ.

სანამ სხდომას დახურავდნენ, ბრალდებულის სკამიდან ყოფილმა მაღალჩინოსანმა ბრალის უარყოფა მოასწრო, მის დაკავებაში მონაწილე სამართალდამცველები კი ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. სოსო გოგაშვილის მტკიცებით, ის რუსეთის აგენტების მხილების გამო დააპატიმრეს. საიდუმლო ფაილები და იარაღი კი, სახლის ჩხრეკისას ჩაუდეს.

სხდომის დახურვა პროკურორმა საქმეში საიდუმლო მასალების გამო მოითხოვა. გოგაშვილი წინააღმდეგი იყო, თუმცა მოსამართლემ დამსწრეებს დარბაზი დაატოვებინა. რა ჩვენებები დევს საქმეში - ამაზე ბრალდებულის უფლებადამცველებმა ისაუბრეს. ადვოკატები სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავებას, გოგაშვილის მიერ აგენტად დასახელებული რუსეთის მოქალაქის ჩვენებას უკავშირებენ. ირკვევა, რომ კონსტანტინ რომანოვსკია პირი, ვინც გასულ წელს საჩივარი დაწერა და გოგაშვილი ტელეეთერით, პირადი მონაცემების გამჟღავნებაში დაადანაშაულა.

ცნობილია თარიღიც - დოკუმენტების ატვირთვა ბრალდებულმა 25 ივლისიდან დააანონსა. ვინ არის ყოფილი მაღალჩინოსნის მოკავშირე, ოჯახი არაფერს ამბობს.

ეძებს თუ არა გამოძიება გოგაშვილის შესაძლო მოკავშირეებს - საქმის პროკურორი არც ბრალდებულთა წრის გაფართოებას გამორიცხავს და არც გოგაშვილისთვის ბრალის დამძიმებას.

კიდევ ერთი გამოძიება გოგაშვილის მოთხოვნით სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო - მოხდა თუ არა ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავებისას ძალის გადამეტება, კოკა კაციტაძის უწყება არკვევს. ამ საკითხზე და ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განცხადება გაკეთდა.

ძიება გრძელდება - სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის საიდუმლო საქმის განხილვა კი, 8 სექტემბერს დაიწყება. მანამდე გოგაშვილის ადვოკატები აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებულ პატიმრობას გაასაჩივრებენ.

დღის ამბები