27 ნოემბერი 2024,   11:45
ვრცლად
"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით პარლამენტში რიგგარეშე სესია არ ჩატარდება - როგორია ოპოზიციის შეფასება

სხდომათა დარბაზის ჩაკეტილი კარი, ოპოზიციის შეფასებით, "ქართული ოცნების" ლუსტრაციაა. რიგგარეშე სესიის მოწვევაზე უარით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, მმართველმა პარტიამ კონსტიტუცია დაარღვია და ევროპული პერსპექტივა შეაფერხა.

მმართველმა პარტიამ საკუთარი პოზიცია რიგგარეშე სესიის მოწვევასთან დაკავშირებით ბიუროს სხდომის დაწყებამდე გამოთქვა. "ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ რიგგარეშე სხდომის ჩატარება, დეპოლარიზაციის ნაცვლად, ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებს.

პრეზიდენტის მიერ მოწვეული რიგგარეშე სესიის დღის წესრიგი ბიუროს სხდომაზე უნდა შეთანხმებულიყო. თუმცა განსხვავებული მოსაზრებების გამო, კონკრეტულ საკითხებზე პოზიციების შეჯერება ვერ მოხერხდა. ოპოზიცია საკუთარი დღის წესრიგით სხდომების ჩანიშვნის აუცილებლობაზე ამახვილებდა ყურადღებას, მმართველ პარტიაში კი ამტკიცებდნენ, რომ ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული საკითხები ევროკომისიის რეკომენდაციებში ასახული არ არის.

ბიუროს სხდომას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანიც ესწრებოდა. გიორგი მსხილაძის თქმით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად ყველა შესაძლებლობის გამოყენებაა საჭირო და მუშაობა როგორც სასესიო, ისე არასასესიო ფორმატში უნდა მიმდინარეობდეს.

საკანონმდებლო ორგანოში, სახელისუფლებო გუნდის წევრების თქმით, მუშაობა რიგგარეშე სესიის გარეშეც აქტიურად მიმდინარეობს. ევრორეკომენდაციების შესასრულებლად, სამუშაო ჯგუფების შეხვედრები უახლოეს დღეებშიც გაიმართება. მმართველი გუნდი ოპონენტებს საქმიან პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს.

ხვალ, საკანონმდებლო ორგანოში დეპოლარიზაციის თემაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრის გამართვა იგეგმება. ამ დრომდე ოპოზიციის ის ნაწილი, რომლებიც რიგგარეშე სესიის მოწვევას ითხოვდა, მსგავსი ტიპის შეხვედრებში არ მონაწილეობს.

დღის ამბები