27 ნოემბერი 2024,   11:53
ვრცლად
სუსის უფროსის ყოფილი მოადგილის ადვოკატი პატიმრობის შეფარდებას გაასაჩივრებს

სუსის უფროსის ყოფილ მოადგილეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა - დაცვა გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და არ გაიზიარა ადვოკატების მოთხოვნა 50 000 ლარიანი გირაოთი გოგაშვილის გათავისუფლების შესახებ. 

"ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება არის რომანოვსკის ფაქტორი ამ საქმეში. ერთ-ერთ ეპიზოდში სოსო გოგაშვილს ედავებიან, რომ თითქოს მან მოიპოვა მისი საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაცია და უკანონოდ გაავრცელა. არ არსებობს საქმეში მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სოსო გოგაშვილმა რაიმე მატერიალური დოკუმენტაცია მოიპოვა რომანოვსკის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით. არც ერთი დოკუმენტი არ მოუპოვებია. თუმცა არის საქმეში ერთ-ერთი ეპიზოდი და მოწმე, სადაც სოსო გოგაშვილი ერთ-ერთ პიროვნებას ეკითხება, რომ ნამდვილად გადმოკვეთა თუ არა საზღვარი ამა და ამ პიროვნებამ.

ვითხოვდით 50 000 ლარიან გირაოს და რა თქმა უნდა აღნიშნულ საკითხს გავასაჩივრებთ კანონით დადგენილ ვადებში სააპელაციო სასამართლოში," - განაცხადა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ.

პროცესი დახურულ რეჟიმში ჩატარდა. პროკურორმა შუამდგომლობის საფუძვლად  საქმის მასალებში გრიფირებული დოკუმენტების არსებობა დაასახელა.

"არსებობდა ბრალდებულისთვის ყველაზე უფრო მკაცრი აღმკვეთი ღონისძიების, პატიმრობის შეფარდების საფუძველი და შესაბამისად ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. მოწმეები არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც და საქართველოს მოქალაქეებიც. მიმდინარეობს გამოძიება როგორც სახელმწიფო საიდუმლოების, ასევე პირად საიდუმლოებასთან დაკავშირებით და პერსონალურ მონაცემებთან. საქმეში დევს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის არის მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, გარდა ამისა, არის მოპოვებული ინფორმაცია როგორც დოკუმენტური, ასევე ელექტრონული მოწყობილობების სახით, სადაც არსებობს გრიფით საიდუმლო ინფორმაცია, რაც არის დაკავშირებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობასთან და რაც ეხება ქვეყნის უსაფრთხოების ისეთ სენსიტიურ საკითხებს, რაც არის ტერორიზმი, ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საიდუმლო მონაცემები და ა.შ." - აცხადებს პროკურორი მაია სილაგაძე.

ბრალდებული მხარის წარმომადგენელმა დღევანდელი სასამართლოს შემდეგ არ გამორიცხა, რომ პატიმრობაში მყოფ სოსო გოგაშვილს ბრალი კიდევ დაუმძიმდეს და ბრალდებულის სკამზე სხვა პირებიც აღმოჩნდნენ.

რაც შეეხება მოსამართლის დღევანდელ გადაწყვეტილებას, სოსო გოგაშვილის ადვოკატები პატიმრობის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ. ცნობილია, რომ გოგაშვილს 3 მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი და ბრალის დადასტურების შემთხვევაში 3-დან 7-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები