გელათში კედლის მხატვრობის გადარჩენის სამუშაოები გრძელდება. სამონასტრო კომპლექსს იტალიელი სპეციალისტების გაფართოებული ჯგუფი ეწვია. მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში, ისინი ქართველ სპეციალისტებთან ერთად სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში, დასავლეთ მკლავის კამარის დაზიანებული კედლის მხატვრობის გადასარჩენად, კვლევებზე დაფუძნებული მეთოდის გამოყენებით ყველა საჭირო სამუშაოს ჩაატარებენ.
შესაბამისად, ამ ნაწილში განთავსებული მხატვრობა ზამთრის სეზონს დაცულ მდგომარეობაში შეხვდება. იტალიელ ექსპერტებთან ერთად გელათში იმყოფებოდა საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი.
"მიზნად ვისახავთ იმას, რომ სანამ ცივი ამინდები დაიწყება ამ ჯგუფმა დაასრულოს დასავლეთ მკლავში დაზიანებული კედლის მხატვრობის, გადარჩენის სამუშაოები იმისთვის, რომ ამ მკლავში ყველაზე მეტად დაზიანებული ნაწილები შეგებოს ზამთარს დაცულ მდგომარეობაში,"-აცხადებს თეა წულუკიანი.