სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, სოსო გოგაშვილმა, სასამართლო პროცესზე მისი დაკავების შესახებ ისაუბრა - ის ამბობს, რომ სამართალდამცველებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს.
"ხდება ჩემი და ჩემი შვილის მიწაზე დაფიქსირება, ხდება შეჭრა სახლში.
ამ დროს ვწევარ [მუცელზე] და ხელები მაქვს ამობრუნებული და ვგრძნობ ორივე ხელზე რკინის შეხებას. გამოცდილება მაქვს, ვიცე-პოლკოვნიკი ვარ უსაფრთხოების და ვიცი, რასაც აკეთებენ - ხელზე მახებენ იარაღს, რომელი იარაღიც შემდეგ უნდა ჩადონ. თავიდან, ბუნებრივია, ვერ მივხვდი, რა იარაღი იყო, ვერ დავინახავდი და რომ ვიგრძენი რასაც აკეთებდნენ, ვეცადე, ხელები გამეთავისუფლებინა, თუმცა მედო უკვე ხამუთები. ამ დროს, რომ ვათავისუფლებ, გვერდზე გავიხედე და ვიცანი ვინც ამას აკეთებდა. ბიჭო რას აკეთებ, უკაცრავად და უცენზუროდ მივმართე. ამის შემდეგ მან მთელი ძალით ამომარტყა ყბაში წიხლი და მერე უკვე დედის მისამართით შევაგინე. როგორც შევაგინე - ხელში ეჭირა ლულით პატარა იარაღი. მარცხენა ხელზე ვინც იარაღს მისვამდა (ის უკვე ავტომატი იყო), იმან ფერდში მომარტყა.
ამის შემდეგ ისინი შევარდნენ სახლში და მეორე სართულზე ავიდნენ. საძინებელში ეს ხალხი რაღაც ნივთებს ტენიდნენ სხვადასხვა ადგილზე.
დღეს ისტორიული ფაქტის მომსწრეები ვართ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკს, პასუხისგებაში აძლევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ბრალდებას უყენებს პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების, ოღონდ რუსეთის აგენტების ჩივილის შედეგად," - ამბობს გოგაშვილი.