27 ნოემბერი 2024,   11:56
ვრცლად
შესაძლებელი იყო რიგგარეშე სესია უახლეს პერიოდში ჩანიშნულიყო, თუმცა ბიურომ უარი კონსტიტუციის დარღვევით თქვა - ოპოზიცია

პარლამენტის რიგგარეშე სესია აღარ გაიმართება. ბიუროზე ითქვა, რომ არ არსებობს დღის წესრიგი, შესაბამისად სხდომა ვერ ჩატარდება. ოპოზიცია მმართველ გუნდს რეგლამენტის დარღვევაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ რიგგარეშე სესიაზე გასატანი დღის წესრიგი განსაზღვრული იყო.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ამ გადაწყვეტილებით სტრატეგიული მარცხი განიცადა.

""ქართულმა ოცნებამ" ნამდვილად განიცადა სტრატეგიული მარცხი, იმიტომ რომ, ჩვენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ჩვენი მოქალაქეების წინაშე, ასევე დასავლელი პარტნიორების თვალწინ მოვახდინეთ მათი ლუსტრაცია, მაგრამ დიდი პოლიტიკური მარცხი მათ უნდა განიცადონ შემოდგომაზე, იმისთვის, რომ ჩვენ საბოლოო ჯამში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ეს ჩარაზული კარი არის იმის სიმბოლო, თუ როგორ უნდათ რომ ჩარაზონ საქართველოს პერსპექტივა," - თქვა ვაშაძემ.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ შესაძლებელი იყო რიგგარეშე სესია უახლეს პერიოდში ჩანიშნულიყო, თუმცა ბიურომ უარი კონსტიტუციის დარღვევით თქვა.

"ეს ჩარაზული კარები არის სიმბოლო, თუ როგორ უყურებს "ქართული ოცნება" ჩვენს ევროპულ პერსპექტივებს. ისინი, ამ ქმედებით, პრაქტიკულად უარს გვეუბნებიან იმაზე, რომ დავიწყოთ აქტიური მუშაობა 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული საკითხები უკვე მზად არის, ინიცირებულია და შესაძლებელი იყო, რომ დღესვე განხილულიყო კომიტეტის სხდომებზე და რიგგარეშე სესია უახლოეს პერიოდში ჩანიშნულიყო, ბიურომ კონსტიტუციის დარღვევით უარი გვითხრა. ამით უარს გვეუბნებიან საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ანტიდასავლურ კამპანიაში არიან ჩართულები და რეალურად არ აქვთ პოლიტიკური ნება ამ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების," - განაცხადა ბეჟაშვილმა.

პარლამენტის წევრის, შალვა შავგულიძის თქმით, "ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია არ მოხდეს.

""ქართული ოცნების" ამოცანა არ არის ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის ინტეგრირება, აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, თან ცდილობენ ეს ისე გააკეთონ, რომ ან ოპოზიციას დაბრალდეს, ან თავად ევროკავშირს დაბრალდეს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ გამოუვათ, ვინაიდან ქართული საზოგადოების, ქართველი ხალხის მყარი, მტკიცე გადაწყვეტილებაა დასავლურ ცივილიზაციაში ინტეგრირება და ჩვენ უნდა შევეცადოთ რომ რაც შეიძლება ნაკლები პრობლემებით და ტკივილებით გავიაროთ ეს გზა," - ამბობს შავგულიძე.

დღის ამბები