27 ნოემბერი 2024,   11:55
ვრცლად
სასამართლო სოსო გოგაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ხვალ იმსჯელებს - რას ედავება სუსის ყოფილ მაღალჩინოსანს გამოძიება

სუსის უფროსის ყოფილ მოადგილეს ბრალი ოფიციალურად გააცნეს. 2015-2018 წლებში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, უწყებიდან საიდუმლო ფაილების გამოტანა და პერსონალური მონაცემების გავრცელება - ეს იმ ბრალდებების არასრული ჩამონათვალია, რასაც ყოფილ მაღალჩინოსანს ედავებიან. ვის პერსონალურ მონაცემებზეა საუბარი, ადვოკატის ინფორმაციით, არც დადგენილებაშია მითითებული და ვერც ბრალდებული იხსენებს.

გოგაშვილი ბრალს არ აღიარებს, თუმცა საიდუმლო ფაილების გასაჯაროებით ახლა უკვე საკნიდან იმუქრება. მისი უფლებების დამცველმა კონკრეტული თარიღიც დაასახელა. დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ფარული მასალების გავრცელების სერია ყოფილმა მაღალჩინოსანმა 25 ივლისიდან დააანონსა. გარდა იმისა, რომ ფარული დოკუმენტების ფლობას ადასტურებს, სოსო გოგაშვილი არც იმას მალავს, რომ უცხოეთში თავის მოკავშირეებს გაუგზავნა.

ყოფილი მაღალჩინოსანი მისი დაკავების სპეცოპერაციის მიმდინარეობისას, ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებს. საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებს იარაღის ჩადებაში სდებს ბრალს გოგაშვილის ოჯახი. მათი ინფორმაციით, ბრალდებულის უფლებების შესაძლო დარღვევაზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მოკვლევაც დაიწყო.

სოსო გოგაშვილი სამედიცინო ექსპერტებს საკანში ელოდება. სავარაუდოდ, იგი საქმის მასალებსაც იზოლატორში გაეცნობა, რომელსაც პერსონალური მონაცემების შემცველობის მოტივით, შესაძლოა გრიფი დაედოს. საქმის მასალებში სავარაუდოდ ჩაიდება იარაღი, რომელიც სოსო გოგაშვილის სახლიდან თითქმის 13 საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ გაიტანეს.

სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს. პროკურატურა პატიმრობას, ადვოკატები კი გოგაშვილის გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვენ.


დღის ამბები