გაიხსნება თუ არა მომავალ კვირას საკანონმდებლო ორგანოში სხდომათა დარბაზის კარი- ოპოზიციისა და პრეზიდენტის მოთხოვნის მიუხედავად, მმართველმა გუნდმა რიგგარეშე სესიის საჭიროება ვერ დაინახა, თუმცა ოპონენტების კიდევ ერთხელ სთავაზობენ, შეუერთდნენ იმ სამუშაო ჯგუფებს, რომლებიც ევროკომისიის 12 რეკომენდაციებზე უკვე მუშაობენ.
ოპოზიცია პოზიციას არ იცვლის - პარლამენტში, სხდომათა დარბაზთან მაინც მივლენ და ტრიბუნის დაკავების იმედით, მმართველი გუნდის შეცვლილ გადაწყვეტილებას დაელოდებიან.
ხელისუფლებას გადაწყვეტილება მიღებული აქვს - ოპოზიციის მოთხოვნის და პრეზიდენტის თანხმობის მიუხედავად, სესია არ გაიმართება. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ დღის წესრიგში რიგგარეშე სხდომის ჩატარების აუცილებლობა არ დგას. მათივე განმარტებით, ოპოზიციას შეუძლია იმ სამუშაო ჯგუფებს შეუერთდეს, რომელიც ევროკომისიის 12 დავალებაზე უკვე მუშაობს.
ოპოზიცია მაინც სესიას აანონსებს და სასესიო დარბაზში შეკრებას ელოდება. მმართველი გუნდის ოპონენტებს იმედი აქვთ, რომ "ქართული ოცნება" სხდომათა დარბაზს საერთო ინტერესის გათვალისწინებით მაინც გააღებს. მათი თქმით, თუ სესია არ შედგება, ხელისუფლების მხრიდან იქნებ გზავნილი, რომ არ სურთ ოპონენტებთან ერთად მუშაობა. როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, ინიციატივები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, განხილვებისთვის უკვე მზად არის.
ამ პოლიტიკურ ვითარებაში, სესიის ჩატარების აზრს ვერ ხედავენ "გირჩში". პარტიაში ამბობენ, რომ გაუგებარია ოპოზიციის დღის წესრიგიც, თუ რატომ არ მუშაობენ საკითხებზე უკვე შექმნილ სამუშაო ჯგუფებში. საპარლამენტო უმრავლესობა ოპონენტებს მოუწოდებს ჩაერთონ იმ პროცესებში, რომელიც უკვე დაწყებულია და შეუერთდნენ ჯგუფებს, სადაც ევროკომისიის მოთხოვნებზე მიმდინარეობს მუშაობა.
ოპოზიციის მოთხოვნა სხდომის ჩანიშვნასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა პარასკევს დააკმაყოფილა. სალომე ზურაბიშვილმა რიგგარეშე სესია 18 ივლისიდან მოიწვია. ხვალ, პარლამენტში ბიუროს სხდომაც ჩანიშნულია.