27 ნოემბერი 2024,   11:48
ვრცლად
ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკის თანამშრომლების პროტესტი გრძელდება - აქციის მოთხოვნებს აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე გამოეხმაურა

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკის ექიმები და პაციენტები უკვე რამდენიმე დღეა, მსგავსი პროფილის კლინიკების სავარაუდო შერწყმასა და მმართველობის სხვისთვის გადაცემას აპროტესტებენ.

"მე-12 დღეა, უწყვეტ რეჟიმშია აქციები და იმედი გვაქვს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება, გუბერნატორი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მთელი შემადგენლობა დაგვიდგება მხარში და ეს უგუნური გადაწყვეტილება არ ამოქმედდება," - აცხადებს ზუგდიდის დევნილთა საავადმყოფოს დირექტორი ოთარ შენგელია.

აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა გამოუცხადეს და აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ მათი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იყოს მიღებული.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ბრალდებებს უარყოფს და აღნიშნავს, რომ ცვლილებები სისტემის განახლებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას გულისხმობს.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავნერგოთ ახალი მართვის სისტემა, შესაბამისად ახალი მართვის სისტემა ითვალისწინებს სერვისების გაუმჯობესებას, ხელფასების ამაღლებას, სერვისების განვითარებას, თვითონ ქსელის განვითარებას და ასევე რაც მთავარია ჩვენი დევნილი საზოგადოებისთვის, უფრო ფართო მასშტაბის ჩართულობას ამ პროცესში," - აცხადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე.

დღის ამბები