27 ნოემბერი 2024,   11:52
ვრცლად
ევროპა მძიმე და ცივი ზამთრისთვის ემზადება - გერმანიაში ადმინისტრაციულ და კომერციულ შენობებში ტემპერატურა ლიმიტირებული იქნება და 20 გრადუს ვეღარ გადააჭარბებს

ევროპა მძიმე და ცივი ზამთრისთვის ემზადება, ბუნებრივი აირის ონკანი, რომელიც მოსკოვის ხელშია, ნელ-ნელა იკეტება.

ყველაზე რთულ მდგომარეობაში ახლა გერმანიაა, სადაც რუსული გაზის 55 პროცენტი შედის. უკრაინის ომმა ბერლინი აიძულა, ენერგომატარებლების მოსაძებნად ალტერნატიული გზები ეძებოს. 

ქვეყანამ უკვე გამოაცხადა ენერგეტიკული საფრთხის მეორე დონე. ექსპერტების ვარაუდით, რუსული ენერგომატარებლებისგან სრულ გათავისუფლებას, სულ ცოტა, 2 წელი მაინც დასჭირდება. ეკონომიის მიზნით, ბერლინისა და მიუნხენის ღია საზოგადოებრივი აუზები წყალს 2 გრადუსით ნაკლებ ტემპერატურამდე ათბობენ, კიოლნში კი 23:00 საათის შემდეგ 70%-მდე შეამცირეს ქუჩის განათება. მუნიციპალურ შენობებში, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ოთახის ტემპერატურას 20 გრადუსამდე შემცირებასაც გეგმავენ.

ევროპაში მთავარი სამზადისი მიწისქვეშა მარაგების შევსებაა, მაგრამ ასეთი შემცირებული მიწოდებით ევროპა ვერაფრით შეძლებს მიწისქვეშა საცავების შევსებას ოქტომბერ-ნოემბრამდე. ჯერჯერობით, გაზის საცავები 61%-ითაა შევსებული, თუ დარჩენილ სამ თვეში საცავები არ შეივსება 80%-მდე, გაზის ფასი, შესაძლოა, იმდენად გაიზარდოს, რომ ბაზრის კოლაფსი გამოიწვიოს. რუსული გაზსადენის ერთადერთი ალტერნატივა თხევადი ბუნებრივი აირია, რომლის ტრანსპორტირება ტანკერებით ხდება.

11 ივლისს რუსეთმა ისტორიულ მინიმუმამდე შეამცირა ევროპისთვის გაზის მიწოდება მას შემდეგ, რაც სახელმწიფო კომპანია "გაზპრომმა“ ჩაკეტა ევროპისკენ მიმავალი მთავარი გაზსადენი - "ჩრდილოეთი ნაკადი“, რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერით ბუნებრივ აირს გერმანიას აწვდის. საუბარია 10-დღიან პროფილაქტიკურ სამუშაოებსა და გაზის მიწოდების დროებით შეწყვეტაზე, თუმცა ევროპაში შიშობენ, რომ გაზსადენის გათიშვა პუტინის ომის შემადგენელი ნაწილია და კონტინენტი ყველაზე უარესი სცენარისთვის უნდა მოემზადოს.

რუსეთიდან გაზის მიწოდების შეწყვეტისათვის ემზადებიან საფრანგეთშიც. მთავრობა მუშაობს იმ კომპანიების სიის განსაზღვრაზე, რომლებმაც, მიწოდების შეფერხების შემთხვევაში, პრიორიტეტულად უნდა მიიღონ სახელმწიფო დახმარება.

ლატვია კი 2023 წლისთვის რუსეთიდან გაზის იმპორტს კრძალავს. საერთო საგანგებო გეგმის გარეშე, ევროკავშირის 27 ქვეყანა, ვერ შეძლებს დაიცვას თავისი 450 მილიონი მოქალაქე და მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკა მასშტაბური კრიზისისგან.

გეგმის დეტალები მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი.

სავალუტო სანქციების გამო, კრემლმა ევროპელებს გაზის საფასურის რუსულ რუბლებში გადახდა მოსთხოვა. ვლადიემრ პუტინმა დაანონსა კიდეც, რომ ყველას, ვინც უარი თქვა, გაზის მიწოდებსა შეუწყვიტეს, მათ შორის - პოლონეთს, ფინეთსა და ბულგარეთს.

დღის ამბები