ეუთოს ექსპერტთა მისიის რიგით მეორე დოკუმენტი, უკრაინაში ჩადენილი სისასტიკის შესახებ კიდევ უფრო მწვავეა, ვიდრე ორგანიზაციის პირველი ანგარიში იყო. დოკუმენტი 25 ივნისამდე 3 თვიან პერიოდს მოიცავს და აღწერს შემზარავ შემთხვევებს და სისასტიკეს, რასაც რუსეთი უკრაინაში ჩადის. ფაქტების მომძიებელი მისიის ანგარიში ადასტურებს საწამებელი კამერების არსებობას ბუჩაში და ოთახებს, რომლებშიც დაკავებულებს სიკვდილით სჯიდნენ. ნაპოვნია მშვიდობიანი მოსახლეობის დასახიჩრებული ცხედრები.
დოკუმენტში საუბარია საფილტრაციო ცენტრებზე, აღწერს რუსეთის მიერ დაკავებულთა გადაცემას მისი მარიონეტებისთის აღმოსავლეთ უკრაინაში და სიკვდილით დასჯის მეთოდის გამოყენებას. ანგარიშში წერია, რომ „ყველაზე სერიოზულმა დარღვევებმა, შესაძლოა, გამოიწვიოს ინდივიდუალური სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულისთვის".
ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ პრესკონფერენცია მოიწვია შეერთებული შტატების ელჩმა ეუთოში. მაიკლ ქარფენთერმა "რუსთავი 2-ის" შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პასუხისმგებლობის მისაღწევად, შეერთებული შტატები აქტიურად უჭერს მხარს სისხლის სამართლის საერთაშორისო და გაეროს საერთაშორისო სასამართლოების მუშაობას.
ეუთოს დოკუმენტის მიხედვით, ქალების წინააღმდეგ სასტიკი დანაშაულის ჩადენას და მასობრივ გაუპატიურებებს, ისევ აქვს ადგილი. სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება, სამოქალაქო პირებზე კონტროლის დასამყარებლად, ტერორის ერთ-ერთი მექანიზმია. საუბარია მცირეწლოვანთა გაუპატიურებაზეც. კონგრესის ქვედა პალატის სპიკერი ამბობს, რომ რუს სამხედროებს ეს დავალებული აქვთ.
ანგარიშში წერია, რომ რუსებმა უკრაინიდან იძულებით 1.300.000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე გადაასახლეს, მათგან 200.000-ზე მეტი ბავშვია. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ სამოქალაქო პირების მასობრივი გადასახლება საოკუპაციო ძალის ტერიტორიაზე, 1949 წლის ჟენევის კონვენციით აკრძალულია და ეს პრაქტიკაც სამხედრო დანაშაულად შეიძლება დაკვალიფიცირდეს.