27 ნოემბერი 2024,   11:46
ვრცლად
მოუწოდებს თუ არა NGO-ებს კელი დეგნანი, ითანამშრომლონ ხელისუფლებასთან 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად - სუბარი ელჩს კითხვით მიმართავს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა უპასუხა იმ დეპუტატებს, რომლებმაც "ქართული ოცნება" დატოვეს. კელი დეგნანის განცხადებით, აშშ არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძლიერი მხარდამჭერი და ასე იყო ბოლო 30 წლის გამავლობაში. ელჩის ამ განცხადებას მალევე მოჰყვა შეფასებები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. 

მიღებული პასუხით უკმაყოფილოები არიან "ოცნებიდან" წასული დეპუტატები. მათი შეფასებით, კელი დეგნანის პასუხები, კონკრეტულ კითხვებზე, ზოგადი იყო. ისინი ამბობენ, რომ დეგნანმა უფრო მკაფიო პოზიცია უნდა დააფიქსიროს მათი ოპონენტების მოთხოვნებთან დაკავშირებით.

"ზოგადი პასუხები იყო აქამდე დასმულ კითხვებთან დაკავშირებით, არადა ყველა კითხვა იყო კონკრეტული, ფაქტობრივ გარემოებებზე დამყარებული. ასეთ კითხვებზე თავის არიდება, ან ირიბი პასუხები, რომელიც პასუხს ვერ იძლევა დასმულ კითხვაზე, ეს არის ირიბი მხარდაჭერა იმ მიმართულებაზე რაც სახიფათოა ქვეყნის უსაფრთხოებისათვის. ვფიქრობ, კითხვის ნიშანი, რომ კიდე უფრო მეტი არ იყოს, საჭიროა უფრო კონკრეტული პასუხები. ჩვენ ვაპირებთ უფრო მეტი სიმართლის თქმას და ვხედავთ, რომ სიმართლის საჭიროება ყოფილა იმაზე მეტი, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა და ამის შემდეგაც კიდევ უფრო მეტი ფასი დაედება სიმართლეს,"-აცხადებს პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე. 

პარლამენტის წევრს სოზარ სუბარს კი კელი დეგნანთან კონკრეტული კითხვები აქვს. აღნიშნული კითხვები მოიცავს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოთხოვნილი ტექნიკური მთავრობის შექმნას. დეპუტატს აინტერესებს, ეთანხმება თუ არა აშშ-ის ელჩი მესამე სექტორის ამ მოთხოვნას.

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო ამ ურთულეს პერიოდში გადარჩეს, საქართველო არ აღმოჩნდეს ომში ჩართული. რა თქმა უნდა, სასურველი იქნება, ამ 12 პუნქტის შესრულებაში ქართული პოლიტიკური სპექტრი და არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ ერთიანი. როდესაც ვისმენთ არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდებებს, რომ საქართველოში უნდა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა და მთავრობა უნდა გადადგეს, როდესაც ვისმენთ ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებას, მაგალითად, გიორგი ვაშაძეს, რომ სექტემბრიდან ისინი იწყებენ პერმანენტულ აქციებს და დაუმორჩილებლობის აქციებს, კარგი იქნება, თუ კელი დეგნანისგან მოვისმენთ შემდეგი ტიპის პოზიციასაც: ეთანხმება თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ითხოვენ, რომ ტექნიკური მთავრობა შეიქმნას, თუ მოუწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ითანამშრომლონ ხელისუფლებასთან იმისთვის, რომ ეს 12-პუნქტიანი გეგმა ყველამ ერთად შევასრულოთ,"-აცხადებს სოზარს სუბარი. 

დღის ამბები