განგაში, აფეთქებების ხმა, ნგრევა და მიწასთან გასწორებული ქალაქები - ის, რაც უკრაინაში ახლაც გრძლდება, თომა ჩაგელიშვილმა ერთ დოკუმენტურ ფილმად აქცია. ეს არის "რუსთავი 2-ს" ჟურნალისტების და ოპერატორების მიერ გადაღებული ომის საშინელება - რეალური ისტორიებით და ერთი ქვეყნის უდიდესი ტრაგედიით.
"უკრაინის ომის 100 დღე" - ასე ჰქვია ფილმს, რომლის ჩვენებაც უკრაინის საელჩოს ინიციატივით დღეს უკვე კინოთეატრ "ამირანში" გაიმართა.
"ჩვენი ჟურნალისტები და ოპერატორები ყოველთვის იყვნენ იქ, სადაც ხდებოდა ამბავი, ფრონტის ხაზთან ახლოს. ჩვენი კადრები რამდენადაც ვიცი, გამოუყენებიათ უკრაინელ სამართალდამცავებს. ლიკა ალელიშვილმა მიიღო მადლობა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან. ჩვენ ვაშუქებთ ამას არა მადლობისთვის, ვაშუქებდით ამ ომს იმიტომ, რომ ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ გვტკივა ისე როგორც სტკივა უკრაინას, განვიცდით ისე, როგორც განიცდიან უკრაინელები", - აცხადებს მედია ჰოლდინგის დირექტორი ვაკო ავალიანი.