საქართველოში ყველაზე პოპულარული ფოლკლორული ფესტივალი იწყება, რომელიც ერთ ლოკაციაზე ქვეყნის ყველა კუთხეს აერთიანებს. "არტ-გენი" სტარტს ხვალ ტრადიციულად ეთნოგრაფიულ მუზეუმში აიღებს და ერთდროულად ასამდე მუსიკოსსა და საცეკვაო ანსამბლს უმასპინძლებს.
დედაქალაქის ცენტრალურ რეკრეაციულ ზონაში ფესტივალზე პირველად იღებს მონაწილეობას აფხაზეთის ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი.
წელს, "არტ-გენის" ფესტივალზე მაყურებლის წინაშე წარსდგებიან დებიუტანტებიც. გარდა კონცერტებისა, ეთნოგრაფიულ მუზეუმში მისულ მაყურებელს საშუალება ექნება ქართული ტრადიციული საბრძოლო ხელოვნება ნახოს. ხრიდოლის მებრძოლები სტუმრებს ქართველი მეომრების მომზადების იმ ელემენტებს აჩვენებენ, რომელიც საუკუნეების განმავლობაში დავიწყებული იყო და ენთუიზიასტებმა აღადგინეს.
"არტ-გენის" ფარგლებში ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ ქართული ღვინო და ტრადიციული კერძები.