ვინიცაში დაღუპულების რაოდენობას ამ დრომდე აზუსტებენ, ნანგრევებში მოყოლილებს მაშველები ეძებენ. დილით, ქალაქის ცენტრის დაბომბვას, ბოლო ინფორმაციით 22 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია. 80-ზე მეტმა მშვიდობიანმა მოქალაქემ სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, 39 ადამიანი კი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
რუსული საკრუიზო რაკეტის სამიზნე სამოქალქო ობიექტები და საცხოვრებელი კორპუსები იყო, თუმცა კრემლი ამტკიცებს, რომ მხოლოდ სამხედრო ობიექტების მიმართულებით გაისროლეს. აფეთქების შედეგად დაზიანდა ოფიცერთა სახლი და მიმდებარე საცხოვრებელი კორპუსები. ვინიცის დაბომბვას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და რუსეთს ტერორისტული სახელმწიფო უწოდა.
რუსული რაკეტები მიწვდა ჰერსონსა და ზაპოროჟიესაც, სადაც 30-მდე ადამიანი დაშავდა, მათგან 9 უმძიმეს მდგომარეობაშია. მესამე კვირაა ოკუპანტების საარტილერიო დაბომბვების გამო არ სძინავთ უკრაინის შავიზღვისპირეთშიც. საპორტო ქალაქი მიკოლაევი, რომელიც ოდესის კარიბჭედ ითვლება, ინტენსიური დაბომბვის ქვეშაა, გამთენიისას რაკეტები მოხვდა ქალაქის სასტუმროს და სკოლას. მიკოლაევში ახლაც საჰაერო განგაშის სიგნალი ისმის. დაბომბვის შედეგად, ბახმუტში 1 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა. რუსებმა ურაგანის ტიპის რაკეტები გამოიყენეს - დაზიანდა დაახლოებით 8 საცხოვრებელი სახლი.
ვოლოდომირ ზელენსკის ბრძანების შემდეგ უკრაინული არტილერია სულ უფრო ხშირად ურტყამს ოკუპირებული ჰერსონის ოლქს, სადაც საბრძოლო მასალის საწყობების აფეთქება უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა და სადაც უკრაინელებმა მნიშვნელოვან უპირატესობას მიაღწიეს.
უკრაინის ომზე NATO-ს გენერალურმა მდივანმა დღესაც ისაუბრა - იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ალიანსი პირდაპირ არ არის მხარე და არ აპირებს ჩაერთოს კონფლიქტში, თუმცა წევრი ქვეყნები განაგრძობენ უკრაინის მხარდაჭერას როგორც პოლიტიკურად, ასევე სამხედრო თვალსაზრისით.
უკრაინის ომის 141-ე დღეს 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერმა ხელი მოაწერა მხარდამჭერ განცხადებას, რომლითაც კიდევ ერთხელ მოუწოდებენ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამხედრო ოპერაციები უკრაინაში.