27 ნოემბერი 2024,   11:43
ვრცლად
"აქ არის გარკვეული დანაშაულის ნიშნები, სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერში მონაწილეობს ყოფილი თანამდებობის პირი" - ვატო შაქარაშვილი სოსო გოგაშვილზე

მოძრაობა "აიიას" წარმომადგენელი ვატო შაქარაშვილი ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერით, გია გაჩეჩილაძის (უცნობი) მიერ გასაჯაროებულ ჩანაწერს ეხმაურება. შაქარაშვილის თქმით, ეს ჩანაწერი ადასტურებს, რომ სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი უშუალოდ ფიგურირებს უწყებიდან გარკვეული მასალების გატანაში, რომელიც, შაქარაშვილის განცხადებით, მედიაში დამახინჯებული სახით ვრცელდება.

"სამწუხაროდ, ყოფილი მაღალჩინოსნის მხრიდან მიწოდებულია გარკვეული მასალები, შემდეგ ისინი ახდენენ ფაბრიკაციას, ახმოვანებენ, აფერადებენ, აფორმებენ და ასე დამახინჯებულად, ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, აწვდიან საზოგადოებას. აქ არის გარკვეული დანაშაულის ნიშნები. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერში მონაწილეობს და მსუყე როლი აქვს სახელმწიფო თანამდებობის უმაღლეს ყოფილ პირს. ეს ნიშნავს, რომ მან პირადი ინტერესები, პირადი შურისძიება დააყენა სახელმწიფო ინტერესებზე და საკუთარ ქვეყანაზე მაღლა", - ამბობს შაქარაშვილი.

ფაქტს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გაბუნიაც გამოეხმაურა, რომელიც პირადად ფიგურირებს "უცნობის" მიერ გასაჯაროებულ აუდიო ჩანაწერში.

გაბუნია ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს და ამბობს, რომ საუბარი 2021 წლის ნოემბერში შედგა. მისი თქმით, გავრცელებული ჩანაწერი ჟურნალისტების მიმართ უკანონო თვალთვალის ფაქტს ადასტურებს. გაბუნია რეაგირებისთვის სახალხო დამცველს, არასამთავრობოებსა და საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს.

"ჩვენი საუბრის შინაარსის და დეტალების განხილვას მე არ ვაპირებ, ისევე, როგორც ამ არხზე არ განვიხილავთ ხოლმე სხვა უკანონო ჩანაწერების შინაარსს, თუ მასალა არ შეიცავს დანაშაულის ან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ფაქტებს. ერთს ვიტყვი მხოლოდ - ძალიან მაინტერესებს, სად დაინახეს ამ ჩანაწერში იმის მტკიცებულება, რომ ჩვენ თურმე ვახდენთ მოვლენების ფაბრიკაციას და ვგეგმავთ ჩვენ მიერვე გამოგონილი ამბების გაშუქებას? წერილობით მესიჯებს რომ თან აჩვენებ და თან ახმოვანებ, ეს გაყალბება ჰგონიათ? გაგების პრობლემასთანაც გვაქვს აქ საქმე, აშკარად და, პლუს, სრულიად შეგნებულად იტყუებიან", - აცხადებს გიორგი გაბუნია.

დღის ამბები