27 ნოემბერი 2024,   10:26
ვრცლად
ვრცელი წერილი ირაკლი ღარიბაშვილისგან, რომლის დიდი ნაწილი ბიძინა ივანიშვილს ეძღვნება - რა გზავნილები ჰქონდა პრემიერს შიდა და გარე ოპონენტებისადმი

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვრცელი წერილი გაავრცელა, რომლის მთავარი არსი იმ ბრალდებებზე პასუხია, რომელიც ოლიგარქიულ მმართველობას ეხება.

პრემიერ-მინისტრის 10 გვერდიანი წერილი შიდა და გარე პოლიტიკური ოპონენტებისთვის კონკრეტული რჩევებით იწყება. ირაკლი ღარიბაშვილი დეოლიგარქიზაციაზე საუბარს მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტაციის მცდელობასა და ოპონენტების მხრიდან ხელოვნურად მართულ კამპანიას უწოდებს. მთავრობის მეთაური დეტალურად განმარტავს, თუ რა ურთიერთობა აკავშირებს მას და მინისტრთა კაბინეტის ზოგიერთ წევრს ყოფილ პრემიერთან ბიძინა ივანიშვილთან.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, არა მხოლოდ პიროვნული, არამედ სახელმწიფოს შეურაცხყოფაა, როდესაც პოლიტიკური ოპონენტები საპარლამენტო რესპუბლიკაში ქვეყნის ლიდერს მართულს უწოდებენ. მთავრობის მეთაური მსგავსი განცხადებების ავტორებს შეახსენებს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასულია და მმართველი გუნდი არც ოპერატიულ და არც საკვანძო გადაწყვეტილებებს ყოფილი ლიდერის კარნახით არ იღებს. ამ შინაარსის კამპანიის ავტორებს პრემიერი მოუწოდებს განმარტონ რას გულისხმობენ, როდესაც ოლიგარქსა და დეოლიგარქიზაციაზე საუბრობენ.

პარლამენტის თავმჯდომარე ერთ-ერთი პირველი იყო ვინც პრემიერ-მინისტრის წერილი შეაფასა და მას დროული უწოდა. შალვა პაპუაშვილმა განმარტა, თუ რას გულისხმობენ პარტნიორები დეპოლარიზაციის აუცილებლობაში, ოპონენტები კი მას პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად იყენებენ.

ფაქტების დასახელებას დღეს თავი აარიდეს, თუმცა ოპოზიციური ძალების ლიდერები ამტკიცებენ, რომ საკმარისი არგუმენტები აქვთ იმისთვის, რომ ოლიგარქიაზე ისაუბრონ.

პრემიერის განცხადებას ოპოზიციის ნაწილის მხრიდან კონკრეტული შეთავაზებაც მოყვა. "გირჩის" წევრები ფიქრობენ, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს.

პოლიტიკურ ოპონენტებს წერილშივე უპასუხა პრემიერმა. ის "ნაციონალურ მოძრაობას" და მის შიდა თუ გარე პარტნიორებს ურჩევს, შეეგუონ არსებულ მოცემულობას - მშვიდობას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. მთავრობის მეთაური წერს, რომ ოპონენტებმა უნდა გაიაზრონ, რომ საქართველოს ომში ვერ ჩართავენ

ევრორეკომენდაციების მიღების შემდეგ - სადაც ერთ-ერთი პუნქტი სწორედ დეოლიგარქიზაციას ეხება, პრემიერი-მინისტრმა პირველად გამოთქვა საკუთარი პოზიცია თავის ვრცელ წერილში.

დღის ამბები