ბორის ჯონსონი შესაძლოა ლიზ ტრასმა ჩაანაცვლოს - ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დასაკავებლად მარათონში ჩაერთო. ტრასი პირობას დებს, რომ პირველივე დღიდან გადასახადების შემცირებას, დაზღვევის ხარჯების გაზრდას და ბიზნესის განაკვეთების რეფორმას დაიწყებს.
ინგლისის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ერთ - ერთია ბორის ჯონსონის კაბინეტიდან, ვინც ომის დაწყების დღიდან დღემდე უკრაინას ღია პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს. კონსერვატიული პარტიის ლიდერობისთვის, საერთო ჯამში 11 კანდიდატი იბრძვის. მათ შორისაა ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი საჯიდ ჯავიდი და ყოფილი ფინანსთა მინისტრი, რიში სუნაკი. პრემიერობისთვის უკვე მეორედ იბრძოლებს ჯერემი ჰანტიც, რომელიც 2019 წელს ბორის ჯონსონმა დაამარცხა.
კანდიდატების ვრცელი სიიდან ლიზ ტრასი ერთ-ერთია, რომელსაც კონსერვატორული პარტიის ლიდერობა და პრემიერის პოსტი სურს. საგარეო საქმეთა მინისტრს 10 კონკურენტი ჰყავს. 46 წლის ტრასი ჯონსონის მთავრობაში საგარეო უწყებას ხელმძღვანელობდა, მისი პოპულარობა კი კრემლისადმი კრიტიკამ გაზარდა. ტრასი ერთ-ერთი იყო, რომელმაც ჯონსონს კრიზისულ პერიოდში 100%-იანი მხარდაჭერა აღუთქვა.
ტრასი პირობას დებს, რომ პირველივე დღიდან გადასახადების შემცირებას, დაზღვევის ხარჯების გაზრდასა და ბიზნესის განაკვეთების რეფორმას დაიწყებს. ანალოგიური დაპირებით სურთ დაუნინგ სტრიტზე მოხვედრა დარჩენილი კანდიდატების უმრავლესობასაც. გადასახადების შემცირება თერთმეტივე კანდიდატის სურვილია.
ჯონსონის კაბინეტში საჯიდ ჯავიდი ჯანდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა. ის ერთ-ერთი პირველია იმ მაღალჩინოსნებს შორის, ვინც ჯონსონის წინააღმდეგ წავიდა და გადადგომა გადაწყვიტა, შემდგომ კი ბრიტანეთის პრემიერს ერთმანეთის მიყოლებით 50-ზე მეტმა ჩინოვნიკმა შეაქცია ზურგი.
ბრიტანულ პრესაში კიდევ ერთ რეალურ კანდიდატად, რიში სუნაკს ასახელებენ. ყოფილ ფინანსთა მინისტრი წარსულში ჯონსონის მსგავსად, ბევრ სკანდალში გაეხვა, თუმცა მის სახელს პანდემიის დროს ეკონომიკის აღდგენის გეგმის წარმატებულად შემუშავება უკავშირდება.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ახალი პრემიერის არჩევაზე პრიორიტეტი ნაკლებად ექსცენტრიულ ადამიანზე შეჩერდება.
მას შემდეგ, რაც კონსერვატორები პარტიის ლიდერს აირჩევენ, მალე გახდება ცნობილი მომავალი პრემიერის ვინაობაც. ამას შესაძლოა რამდენიმე კვირა, ან რამდენიმე თვეც კი დასჭირდეს. ადგილობრივ პრესაში უკვე წერენ, რომ ჯონსონს სურს პრემიერის ოფისიდან წასვლა გაახანგრძლივოს.
დასავლურ მედიაში მიიჩნევენ, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობს, რადგან ქვეყანას ვიცე-პრემიერი დომენიკ რააბი მართავს. მედიას მაგალითებად დევიდ კამერონისა და ტერეზა მეის შემთხვევები მოჰყავთ, როცა ყოფილი პრემიერის გადადგომის შემდეგ, ტერეზა მეიმ ოფისი 19 დღეში, ბორის ჯონსონსმა კი თვე ნახევარში დაიკავა.