27 ნოემბერი 2024,   11:42
ვრცლად
"ოცნების" რიგები და თანამდებობები დღეს ერთმანეთის მიყოლებით ლაგოდეხის, ჭიათურის, თერჯოლის, გორისა და ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარეების მოადგილეებმა დატოვეს

დეპუტატების შემდეგ საკრებულოს წევრები - "ქართული ოცნების" რიგები და თანამდებობები დღეს ერთმანეთის მიყოლებით დატოვეს ლაგოდეხის, ჭიათურის, თერჯოლის, გორისა და ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარეების მოადგილეებმა.

გაცხადებული მიზეზი კელი დეგნანის მიერ მიხეილ ყაველაშვილის წერილის იგნორირებაა. უფრო მეტიც, მათი ნაწილი დასავლელ პარტნიორებს ცეკას წარმომადგენლებსაც კი ადარებს.

"ოცნებიდან" წასულებს ყაველაშვილის, ხუნდაძის და სუბარის რიგებში ყოფნა სურთ. მათი მტკიცებით, იქ თავისუფლების მეტი ხარისხია.

კოლექტიური დასავლეთისადმი უკმაყოფილოთა რიგები "ქართული ოცნებიდან" წასულებისგან ყოველ დღე იზრდება. "გაბრაზებულები" თვლიან, რომ მმართველ პარტიას სიმართლის თქმა უჭირს და ამიტომ ფარდის ახდის პროცესი სწორედ მათ უნდა იტვირთონ.

"ქართული ოცნება" საკუთარი პარტიის შეთხელებაში პრობლემას ვერ ხედავს, ოპოზიციისთვის კი ეს ხელისუფლების მორიგი პოლიტიკური თამაშია. "ოცნებიდან" წასულები დღეს ბოლოჯერ მივიდნენ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში.

ოთხივე მათგანმა თანამდებობასთან ერთად, მმართველი გუნდის რიგებიც დატოვა. როგორც განმარტეს, პარტიის ცენტრალურ ოფისში სწორედ იმიტომ მივიდნენ, რომ გადაწყვეტილება უკვე ყოფილი თანაგუნდელებისთვის თავად გაეცნოთ.

"ქართული ოცნების" ოფისში მისვლამდე, პარტიის უკვე ყოფილმა წევრებმა თანამდებობების დატოვების მიზეზები მედიასთან განმარტეს.

ნიკა სამხარაძის მიერ თანამდებობის დატოვება ადგილობრივი ხელისუფლებისგან განსხვავებით, არ გაჰკვირვებიათ ჭიათურის საკრებულოს ოპოზიციაში.

მმართველი გუნდიდან ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის წასვლას ლაგოდეხის საკრებულოშიც გამოეხმაურნენ.

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ყველას საკუთარი აზრი აქვს და უფლება გადაწყვეტილება თავად მიიღოს.

დღის ბოლოს "ოცნებიდან" წასვლის გადაწყვეტილება "ოცნებიდან" წასულების მხარდასაჭერად მიიღო გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემაც. ყველა მათგანი თვითმმართველ ორგანოში მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით განაგრძობს. მაშინ, როდესაც ოპოზიციის ნაწილი ქვეყანას საკუთარი თანამდებობებისთვის წირავს, "ოცნების" წევრები თანამდებობებს ქვეყნის დასახმარებლად ტოვებენ - ასე შეაფასა კოლეგების მხარდაჭერა დიმიტრი ხუნდაძემ და მათ მადლობა გამბედაობისთვის გადაუხადა.

დღის ამბები