საქართველო ისტორიულ გამარჯვებას ზეიმობს - პირველად ქართველმა რაგბისტებმა პირველი ეშელონის მეტოქე, იტალია დაამარცხეს.
"ბორჯღალოსნების" ტრიუმფმა რაგბის სამყარო ისევ აალაპარაკა საქართველოს 6 ერში მიპატიჟებაზე და აუტსაიდერი ნაკრების ქართველებით ჩანაცვლებაზე.
ახლა ქართველი რაგბისტები რეიტინგში კვლავ იტალიის წინ არიან.
28 : 19 - იტალია, რომელიც მსოფლიოს უძლიერეს ნაკრებებში შედის და 6 ერის გათამაშებაში საქართველოს ჩართვის მთავარი მოწინააღმდეგეა, იძულებული გახდა, "ბორჯღალოსნების" დერეფანში გაევლო.
"საქართველო ნამდვილი სარაგბო ერია, ის მეტს იმსახურებს"- გუშინდელი სენსაციის შემდეგ, ეს სიტყვები "ბორჯღალოსნებს" "დეილი მეილმა" მიუძღვნა.
კიდევ ერთი გავლენიანი გამოცემა კი წერს, რომ საქართველოს ნაკრების ფოსტაზე მალე 6 ერში მიწვევა უნდა გაიგზავნოს.
საუკუნისწინანდელი ხალხური სიმღერით საუკუნის გამარჯვება აღნიშნეს. ბათუმში ჩატარებული ისტორიული მატჩის დასრულების შემდეგ, ქართველმა მორაგბეებმა სიხარული ამ ფორმით გამოხატეს.
სიმღერას ცეკვაც მოჰყვა ტრადიციულ მესამე ტაიმზე, მას შემდეგ, რაც პირველად დამოუკიდებელი ქართული რაგბის 33 წლიან ისტორიაში, საქართველომ "ტიერ1-ის" გუნდი დაამარცხა. მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ბათუმში 2022 წლის ზაფხულის ტესტების მეორე შეხვედრაში პრინციპულ მეტოქეს, იტალიას 3 ლელო დაუდო.
ამ სახალხო ზეიმის მიზეზი ბათუმის ახალ არენაზე კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო მეორე ტაიმის მიწურულს, როცა ტაბლოზე გამოჩნდა ანგარიში - "ბორჯღალოსნებმა" ევროპის ექვსი ერის მონაწილე იტალიას ცხრა ქულიანი უპირატესობით მოუგეს. თედო აბჟანდაძემ და გელა აფრასიძემ კარში დარტყმებით მონაგარი გაზარდეს და ანგარიში 28:19 გააფორმეს. მეტოქის დამარცხებაში ბათუმის სტადიონზე შეკრებილმა ათასობით ქომაგმაც საკუთარი წვლილი შეიტანა. ტრიბუნები სავსე იყო და "ბორჯღალოსნებს" საოცარი მხარდაჭერა ჰქონდათ.
ასეთ თამაშს გულშემატკივარი დიდხანს ელოდა. რაგბის კავშირის პრეზიდენტი პირობას დებს, რომ იტალიის დამარცხებაზე "ბორჯღალოსნები" არ გაჩერდებიან და ქართული რაგბის ქომაგებს, ერთიანი ძალებით, კიდევ უფრო დიდ გამარჯვებას მოუტანენ. "ბორჯღალოსნებს" ულოცავდა ყველა - მოქმედი თუ ყოფილი მორაგბეები.
დიდი გამარჯვების შემდეგ, ისტორიული თამაში სპორტსმენებთან ერთად მოედანზევე იზეიმეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ემოციებს ვერც ისინი მალავდნენ. "ბორჯღალოსნებს" საქართველოს პრეზიდენტმა პირადად მიულოცა.
ისტორიულ მატჩზე საუბრით გახსნა დღეს მთავრობის სხდომა პრემიერმაც.
ბათუმის სტადიონზე დაწერილი ისტორია ქვეყნის ფარგლებს უკვე გასცდა და საერთაშორისო სარაგბო ჟურნალების გარეკანები მოიცვა.
ზღვისპირა ქალაქში ჩატარებული ეს მატჩი უკვე ისტორიაა. ბორჯღალოსნები 16 ივლისს პორტუგალიის ეროვნულ გუნდს, ამჯერად ქუთაისში უმასპინძლებენ.