27 ნოემბერი 2024,   12:29
ვრცლად
"შეურაცხმყოფელი სიტყვებით, ქართველი ხალხის და მმართველი ძალის მოხსენიება მიუღებელია"-"ოცნებიდან" წასული საკრებულოს წევრები გადაწყვეტილების მოტივზე საუბრობენ 

ლაგოდეხში, ჭიათურაში, თერჯოლასა და ახალციხეში "ქართული ოცნების" საკრებულოს რამდენიმე წევრმა თანამდებობა და პარტია დატოვა, როგორც ისინი აღნიშნავენ, ეს გადაწყვეტილება იმ დეპუტატების მხარდასაჭერად მიიღეს, რომლებიც "ქართული ოცნებიდან" ცოტა ხნის წინ წავიდნენ.

საუბარია მიხეილ ყაველაშვილზე, დიმიტრი ხუნდაძესა და სოზარ სუბარზე. ამასთან, საკრებულოს წევრები უკმაყოფილებას გამოხატავენ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ, იმ განცხადების გამო, რომლითაც დეგნანი მიხეილ ყაველაშვილის მიერ, მისდამი განკუთვნილ, საჯარო წერილს გამოეხმაურა.

"როდესაც პარლამენტარებმა გადადგეს გარკვეული ნაბიჯი, მაშინ უკვე გამიჩნდა ეს გაცდა, რომ საჭირო იყო ანალოგიური ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ კიდევ შევიკავეთ თავი. საბოლოო გადაწყვეტილებაში კი, ქალბატონის ელჩის მიერ გაკეთებული განცხადება მომეხმარა,"- აცხადებს ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე "ქართული ოცნებიდან" გიორგი ღამბაშიძე.

ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე "ქართული ოცნებიდან" ნიკა სამხარაძე კი, იმ დეპუტატებს, რომლებმაც დატოვეს პარლამენტი, მხარდაჭერას უცხადებს და აქვე ამბობს იმასაც, რომ ეს გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს, იბრძოლოს ევროპული მომავლისთვის. 

შეურაცხმყოფელი და მიუღებელია აშშ-ის ელჩის განცხადება, თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილისთვის -  ომარ ჯიხვაშვილი თანამდებობის დატოვების მიზეზს კიდევ ერთხელ განმარტავს. 

"ჩემს პოსტშიც გამოვეხმაურე კელი დეგნანის განცხადებას იმიტომ, რომ ისეთი შეურაცხმყოფელი სიტყვებით, ქართველი ხალხის, საქართველოს მოქალაქეების და იმ მმართველი ძალის მოხსენიება, რომელი მმართველი ძალაც ხალხმა აირჩია, მიუღებელია. საქართველომ თავის დროზე დიდი ღვაწლი გასწია ავღანეთში, შესაბამისად, ჩვენი ომში ჩათრევა მიუღებელი და აღმაშფოთებელი შეიძლება იყოს,"-აცხადებს ომარ ჯიხვაშვილი.

ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ "ქართული ოცნებიდან", საბა კბილაშვილმა კი კელი დეგნანის განცხადებას ყაველაშვილის მიმართ არადიპლომატიური და უმისამართო უწოდა.  კბილაშვილი თანამდებობის დატოვების ერთ-ერთ მიზეზად სწორედ აშშ-ის ელჩის განცხადებას ასახელებს. 

დღის ამბები