პირველად დამოუკიდებელი ქართული რაგბის 33-წლიან ისტორიაში, საქართველომ ტიერ 1-ის გუნდი დაამარცხა. ბორჯღალოსნებმა ბათუმში პირველად ითამაშეს და სამდღიანი სარაგბო ზეიმი ახალ არენაზე ბრწყინვალე გამარჯვებით დაასრულეს.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბათუმში 2022 წლის ზაფხულის ტესტების მე-2 შეხვედრაში უპრინციპულეს მეტოქეს, იტალიას 3 ლელო დაუდო, თედო აბჟანდაძემ და გელა აფრასიძემ მონაგარი კარში დარტყმებით გაზარდეს და 28:19 მოიგეს. ეს იყო ამ გუნდების რიგით მეხუთე დაპირისპირება. აქამდე მასპინძელი მუდამ იტალია იყო და გამარჯვებულიც ის რჩებოდა, საქართველოში პირველი სტუმრობა კი უკვე ჩვენი გამარჯვებით დასრულდა.
იტალია შოტლანდიის შემდეგ ტიერ1-ის, მხოლოდ მე-2 ნაკრები გახდა, რომელმაც საქართველოში ითამაშა, მათ დამარცხებაში კი ბათუმის სტადიონზე მრავლად შეკრებილმა ათასობით ქომაგმაც დიდი წვლილი შეიტანა. ტრიბუნები სავსე იყო და "ბორჯღალოსნებს" საოცარი მხარდაჭერა ჰქონდათ.
ანგარიში საქართველოს ნაკრების შედეგიანი შეტევით გაიხსნა. ბურთი მეტოქის მოედანში ვასილ ლობჟანიძემ შეაცურა და სანდრო თოდუამ მისი დამიწება ზედ ხაზთან შესძლო. რამდენიმე წუთში საქართველო უკვე 12:0-ს იგებდა. მე-2 ლელო დავით ნინიაშვილის საოცარ გარღვევას მოჰყვა. მან ბურთი თავისი ნახევრიდან წამოიღო, ცენტრისკენ აბჟანდაძეს გააყოლა, მანაც ერთადერთი ვიზავი იოლად დაჯაბნა და მისი შემჩერებელი აღარავინ იყო. თედომ გარდასახვა ზუსტად დაარტყა და "ბორჯღალოსნები" უკვე სოლიდური უპირატესობით დაწინაურდნენ.
იტალიელთა საპასუხო ლელო ქართველი მორაგბეების რამდენიმე შეცდომას მოჰყვა. მასპინძლებმა დერეფანი დაკარგეს, შემდეგ ჯარიმები აიღეს, თუმცა ტომაზო მენონჩელომ დაცვითი ხაზი მაინც გაარღვია, რამდენიმე ბოჭვას გასცდა და ლელო მიითვალა. ტომაზო ალანმა კი გარდასახვაც გაიტანა და ანგარიში 12:7 გახდა. შესვენებამდე ლევან მაისაშვილის გუნდმა, მაინც შეძლო უპირატესობის შენარჩუნება და ტაიმი ჩვენებმა 19-13 მოიგეს.
შესვენების შემდეგ თამაში კვლავ ბორჯღალოსნების უპირატესობით წარიმართა და იტალიელმა მორაგბეებმა მატჩის გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ცხადია, მსაჯის საბოლოო სასტვენმა მოედანსა და ბოლომდე სავსე ტრიბუნებზე დაუვიწყარი ემოცია გამოიწვია. ეს მართლაც საოცარი გამარჯვება იყო.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს მიმდინარე ზაფხულში ერთი მატჩი აქვს ჩასატარებელი და 16 ივლისს პორტუგალიის ეროვნულ გუნდს ქუთაისში უმსაპინძლებს.
ავტორი: დავით ფრანგიშვილი