უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა. მისი განცხადებით, ყველა რუსი მკვლელისთვის სასჯელი გარდაუვალია.
უკრაინის პრეზიდენტი დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასივიარზე სარაკეტო დარტყმას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყველა, ვინც მსგავსი დარტყმების თაობაზე ბრძანებებს გასცემს, განზრახ ახორციელებს ამას.
"დონეცკის ოლქში განადგურებულია ორი მაღალსართულიანი შენობა. ნანგრევების ქვეშ ათობით ადამიანი იმყოფება, ექვსი გადაარჩინეს. გარდაცვლილთა სიაში 15 გვარია და, სამწუხაროდ, ეს საბოლოო რიცხვი არ არის. ყველას, ვინც დაბომბვა და სხვა სარაკეტო დარტყმები განახორციელა, როგორც ხარკივის ოლქის, ზაპორიჟიის, კრივი რიჰის, სივერსკისა და ვუჰლედარის შემთხვევაში - ყველას იპოვნიან. მოგეხსენებათ, ნაცისტ მკვლელებს 90 ან 100 წლის ასაკშიც პოულობენ და ასამართლებენ. მათ იჭერენ მთელ მსოფლიოში. რა თქმა უნდა, არ გვინდა ამდენ ხანს ლოდინი. მაგრამ მოვიყვან ამ მაგალითს იმის საჩვენებლად, რომ სასჯელი გარდაუვალია ყველა რუსი მკვლელისთვის. ამ შემოჭრის დაწყებიდან უკრაინელი სამართალდამცავები აკეთებენ ყველაფერს, რაც საჭიროა ოკუპანტების დანაშაულების აღსანუსხად და მტკიცებულებების შესაგროვებლად. ამ საქმეში მრავალი ქვეყნიდან ჩვენი პარტნიორები არიან ჩართული," - განაცხადა ზელენსკიმ.