27 ნოემბერი 2024,   11:46
ვრცლად
სამეგრელოს ფაროსანა ისევ უტევს - საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში, მავნე მწერმა ფერმერებს თხილის მოსავალი გაუნადგურა

სამეგრელოს ისევ ფაროსანა უტევს. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში, მავნებელმა ფერმერებს თხილის მოსავალი გაუნადგურა. სოფელ ორსანტიას მაცხოვრებლები ახლა შეწამვლის იმედად არიან იმისთვის, რომ მოსავლის ნაწილი მაინც გადაარჩინონ. აზიურმა ფაროსანამ პრობლემები შეუქმნა ზუგდიდის რაიონის სხვა სოფლებსაც. მავნებელი მწერის წინააღმდეგ ბრძოლა რეგიონში, სადაც თხილი მთავარი შემოსავალია, უკვე დაწყებულია. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერებს ურჩევს, პლანტაციების შესაწამლად სპეციალურ ჯგუფებს დროულად მიმართონ.

ბორის თორიას მოსავლის ნახევარზე მეტი აზიურმა ფაროსანამ გაუნადგურა. ორსანტიაში მცხოვრები ფერმერი იხსენებს, რომ წინა წლებში 2 ტონამდე თხილს კრეფდა, ახლა კი ამის ნახევრის მოლოდინიც არ აქვს, რაც დარჩა იმის გადარჩენას კი თერმული შეწამვლით ცდილობს. მწერების წინააღმდეგ ბრძოლისთვის ბორის თორიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალურ ჯგუფს უკვე მიმართა და თხილნარში კონკრეტული ადგილები ხსნარით დამუშავდა.

ორსანტია ერთადერთი სოფელი არ არის, სადაც აზიურმა ფაროსანამ ფერმერებს პრობლემები შეუქმნა. ანალოგიური ვითარებაა წელს ზუგდიდის რაიონის სხვა სოფლებშიც. ხშირ შემთხვევაში, აქ ოჯახების ერთადერთი შემოსავლის წყარო სწორედ გაყიდული თხილისგან მიღებული თანხაა. ამის გამო ადგილობრივები, მწერებს სურსათის უვნებლობის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ებრძვიან.

ჯგუფის წევრები სპეციალური აღჭურვილობით და ხსნარებით კონკრეტულ ტერიტორიებს თემრულად და ცივი შესხურებით ამუშავებენ. პროცესი დღეს დილიდან მიმდინარეობდა რამდენიმე სოფელში, მათ შორის ზემო ეწერში.

აზიური ფაროსანას მომრავლებას და თხილის გაფუჭებას სპეციალისტები ნალექიან სეზონს უკავშირებენ. რაც მწერმა ვერ დააზიანა, იმ მოსავლის გადარჩენა მხოლოდ დროულ შეწამვლაზეა დამოკიდებული. სოფლის მეურნეობის სამინისტრო გლეხებს და ფერმერებს მოუწოდებს მიმართონ სპეციალურ ჯგუფს და გაწერილ ვადებში მიწის ნაკვეთების დამუშავება დაიწყონ.

შეწამვლის სამუშაოები აგროკალენდრის მიხედვით ტარდება, შემდეგი ეტაპი ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში უნდა განხორციელდეს. სპეციალისტების თქმით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დროული ბრძოლა მოსავლის ხარისხზეც აისახება.





დღის ამბები