27 ნოემბერი 2024,   11:48
ვრცლად
უჩვეულო დამთხვევა თუ რუსული შურისძიება - რატომ ემთხვევა დროში ერთმანეთს რუსი ბიზნესმენებისა და ოლიგარქების საეჭვო გარემოებებში გარდაცვალება

უჩვეულო დამთხვევა თუ რუსული შურისძიება? - რატომ ემთხვევა დროში ერთმანეთს რუსი ბიზნესმენებისა და ოლიგარქების საეჭვო გარემოებებში გარდაცვალება? კითხვები ბოლო ექვს თვეში მსგავსი სცენარით ჩადენილმა შესაძლო სუიციდის შემთხვევებმა გამოიწვია. მთავარ ეჭვს კი ის ფაქტი ბადებს, რომ გარდაცვლილთაგან უმრავლესობა რუსეთის გაზის ინდუსტრიასთან დაკავშირებული პირები არიან.

"მკვლელობა თუ თვითმკვლელობა" - 3 შემთხვევა მსგავსი სცენარით და მსგავსი ვერსიით. საგამოძიებო უწყებები ოფიციალურად სუიციდის მუხლით მუშაობენ, თუმცა რუსეთსა თუ მის გარეთ მცხოვრები ოლიგარქების გარდაცვალება, კითხვას მაინც აჩენს, მათ შორის პროცესთან კრემლის შესაძლო კავშირებზე. რა საფრთხეს წარმოადგენდნენ ბიზნესმენები და ოლიგარქები - ვერსიების მიუხედავად კითხვები პასუხებზე მეტია.

ლენინგრადის ოლქში, უახლოეს წარსულში ჩადენილ დანაშაულს 61 წლის მსხვერპლი ჰყავს. გარდაცვლილი იური ვორონოვია, პირი, რომელიც "გაზპრომის" კონტრაქტორ ლოჯისტიკურ კომპანიას ედგა სათავეში. თავის არეში მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი მაღალჩინოსნის საქმეს, რუსეთის საგამოძიებო უწყება მხოლოდ სუიციდის ვერსიის კუთხით სწავლობს.


მიმდინარე წელს, იური ვორონოვი საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ რუს მაღალჩინოსნებსა და ოლიგარქებს შორის ბოლოა, თუმცა არ არის პირველი - პირველი ლეონიდ შულმანი იყო. დანაშაული, რომელიც ლენინგრადის ოლქში დატრიალებულ ტრაგედიას ჰგავს, ამავე ქალაქში რამდენიმე თვის წინაც მოხდა. "გაზპრომ-ინვესტის" სატრანსპორტო სამსახურის ტოპ მენეჯერის, ლეონიდ შულმანის ცხედარიც გაურკვეველ ვითარებაში იპოვეს. გამოძიებამ სიკვდილის მიზეზად აქაც თვითმკვლელობა დაასახელა.

ლეონიდ შულმანის სიკვდილიდან ზუსტად ერთ თვეში, იმავე სოფელში, საკუთარ სახლში მკვდარი იპოვეს კორპორაციული უსაფრთხოების საკითხებში გაზპრომის “ერთიანი განსახლების ცენტრის” გენერალური დირექტორი. რუსული მედიის ინფორმაციით, 61 წლის ალექსანდრ ტიულიაკოვი სიკვდილის წინა დღეს ნაცემი ნახეს.

აგრესორის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის გაზის ინდუსტრიასთან დაკავშირებულ პირებთან ერთად, გაურკვეველ გარემოებებში გარდაცვლილი სხვა არაერთი ოლიგარქი იპოვეს. ლეონიდ შულმანის სიკვდილიდან კიდევ ერთ თვეში, 24 მარტს, რუსეთის ქალაქ ნიჟნი-ნოვგოროდში, გარდაცვლილი ნახეს მსხვილი სამედიცინო მომარაგების კომპანიის დირექტორი, მილიარდერი ვასილი მელნიკოვი. ასევე, გარდაცვლილი იპოვეს მელნიკოვის ცოლი და მათი ორი მცირეწლოვანი ვაჟიც. პოლიცია ამ შემთხვევაში განიხილავდა ვერსიას, რომ მელნიკოვმა ჯერ ცოლ-შვილი დახოცა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

მომდევნო თვეს, მოსკოვში იპოვეს კიდევ ერთი მილიონერის, ვლადისლავ ავაევის და მისი ოჯახის წევრების ცხედრები. გამოძიება აქაც ვასილ მელნიკოვის ხელწერას პოულობს. პოლიციის ვერსიით, ავაევმა თვითმკვლელობამდე ჯერ საკუთარ 13 წლის ქალიშვილს, შემდეგ კი მეუღლეს ესროლა.

ანალოგიური სცენარი გათამაშდა ესპანეთშიც. სერგეი პროტოსენიას ცხედარი საკუთარ სახლში მოკლულ მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად იპოვეს. ვასილ მელნიკოვის მსგავსად, სერგეი პროტოსენიასაც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში მაღალი თანამდებობა ეკავა. პროტოსენია გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბუნებრივი აირის კომპანიას, "Novatek-ს" ხელმძღვანელობდა, ავაევი კი “გაზპრომბანკის” ვიცე-პრეზიდენტი იყო.

მოკლე პერიოდში ოლიგარქების ბურუსით მოცული გარდაცვალების შემთხვევებს შორის, აშკარა მსგავსება დასავლური გამოცემების განხილვის თემა არაერთხელ გახდა. უცხოურმა მედიამ არაერთხელ ივარაუდო, რომ შესაძლოა, თვითმკვლელობები გაყალბებული ყოფილიყო - რუსი მილიარდერების საეჭვო გარემოებებში სიკვდილს, კრემლთან და თავად პუტინთანაც აკავშირებენ. არაერთხელ ყოფილა საუბარი, რომ "გაზპრომთან" დაკავშირებული პირები შურისძიებისა და სახელმწიფო კომპანიებში თაღლითობის კვალის წასაშლელად დახოცეს.

ბოლო სიკვდილიდან ორ კვირაში, რუსეთის პოლიცია პოულობს კიდევ ერთი მაღალჩინოსნის, ანდრეი კრუკოვსკის ცხედარს. სათხილამურო კურორტის, “კრასნაია პოლიანას” დირექტორი 2 მაისს კლდიდან გადავარდა და გარდაიცვალა.

ფაქტი ერთია, რომ აგრესორი ქვეყნის უკრაინაში შეჭრიდან რუსი ოლიგარქები საეჭვო გარემოებებში გარდაიცვალნენ. საეჭვოა სუიციდებისა და ოჯახების ამოხოცვის ერთი და იგივე ხელწერა. სწორედ ეს გარემოებები მთელს მსოფლიოში აჩენს კითხვებს, მათ შორის კითხვებს, მკვლელობებთან რუსეთის მთავრობის შესაძლო კავშირებზე.

დღის ამბები