27 ნოემბერი 2024,   11:44
ვრცლად
დონეცკის ოლქში, საცხოვრებელი სახლის დაბომბვის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 15-ს მიაღწია - რა ხდება მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში

დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასივიარში ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში საცხოვრებელ კორპუსზე, "ურაგანის" ტიპის რაკეტებით მიიტანეს. შედეგი მძიმეა - დაიღუპა 15 მშვიდობიანი მოქალაქე, 10-მდე დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი, 20-ზე მეტი ადამიანი კი ნანგრევების ქვეშ რჩება და მაშველები მათ გამოყვანას ცდილობენ.

დღის ბოლოს, დონეცკის ოლქში, კიდევ რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. ამჯერად რუსეთის სამიზნე კიევის რეგიონი გახდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება,  ადგილობრივი ხელისუფლება კი მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს.

ომის დაწყებიდან 137-ე დღეს, რუსეთის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ რჩება უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი. ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაიჭრა, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. ოკუპანტების სამიზნე გახდა ქალაქის ერთ-ერთი სკოლაც - შენობა მთლიანად განადგურდა.

აფეთქებები და ხანძრებია ჰერსონის ოლქში. რეგიონის დიდ ტერიტორიებზე იწვის მინდვრები და ტყეები, კრიტიკული ვითარებაა ოლქის რამდენიმე დასახლებაში.

ოკუპანტები რომ საცხოვრებელ სახლებსა და სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმებს მიზანმიმართულად ახორციელებენ, ამას ქვეყნის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამის შეჩერება უკრაინას მხოლოდ თანამედროვე, მაღალი სიზუსტის იარაღით შეუძლია.

რუსებმა იერიში მიიტანა დნეპროპეტროვსკის ოლქზეც. ოკუპანტებმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს სამრეწველო საწარმოზე, შენობა მთლიანად განადგურდა.

დღის ამბები