საქართველო დიდი რაგბის მოლოდინში - ზღვისპირა რეგიონი მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრშია. დღეს ბორჯღალოსნები ისტორიულ ტესტ მატჩს გამართავენ, ბათუმის ახალ სტადიონზე პირველად ითამაშებენ და პირველად იტალიელ მორაგბეებს უმასპინძლებენ. თამაში 8 საათზე დაიწყება, ცენტრალურ სტადიონზე ბოლო დეტალები ზუსტდება.
ბათუმის ცენტრალური სტადიონი აბსოლუტურად მზად არის იმისათვის, რომ დღევანდელ შეხვედრას უმაღლეს დონეზე უმასპინძლოს. იდეალურ მდგომარეობაშია მოედნის საფარი და თამამად შეიძლება ითქვას, რომ უკვე შექმნილია ნამდვილი სარაგბო განწყობა.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ძალიან რთული მატჩი ელის, ჩვენ ვეთამაშებით 6 ერის მონაწილე გუნდს, რომელიც ბოლო პერიოდში აშკარა პროგრესს განიცდის.
ვეტერანი მორაგბის, მამუკა გორგოძის თქმით, ეს პირველი თამაშია როდესაც გული წყდება რომ მოედანზე არ არის.
რაც შეეხება გულშემატკივარს, ქართველი გულშემატკივარი ტრადიციისამებრ აქტიურობს, 6 საათზე ისინი ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან და მსვლელობას მოაწყობენ სტადიონის მიმართულებით.
ავტორი : ჯემალ ფარცახაშვილი