პუტინის აგრესიის კიდევ ერთი ქართველი მსხვერპლი უკრაინაში - ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლისას ქართველი ჯარისკაცი, კახა გოგოლი დაიღუპა, ის ლუჰანსკის ოლქში იბრძოდა, 10 ივლისს, გამთენიისას კი ოკუპანტების საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა. 47 წლის ქართველი სამხედრო ფოთიდანაა, სადაც "კურიერი" იმყოფებოდა.
კახა გოგოლის ახლობლები ყვებიან, რომ მეომარი უკრაინაში მას შემდეგ წავიდა, რაც პუტინმა ქვეყანაში საომარი მოქმედებები დაიწყო. მათი განმარტებით, ის მეგობარი ქვეყნის მშვიდობას უკრაინის ტერიტორიაზე იცავდა.
დამატებითი ინფორმაცია და დეტალები მათთვის ცნობილი არ არის, იციან მხოლოდ ის, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საჰაერო თავდასხმა განახორციელეს, რა დროსაც დაიღუპა ქართველი მებრძოლი და დაშავდა რამდენიმე უკრაინელი მეომარი.
"კურიერის" ინფორმაციით, დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი დეტალები, თუ როდის იქნება შესაძლებელი ქართველი მეომრის სამშობლოში გადმოსვენება.
ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინის ტერიტორიაზე 17 ქართველი მებრძოლია დაღუპული.