27 ნოემბერი 2024,   11:45
ვრცლად
მორიგი პოლიტიკური გზავნილი მმართველი პარტიიდან წასული დეპუტატისგან - მიხეილ ყაველაშვილის კრიტიკის ადრესატი ამჯერად კელი დეგნანია

მორიგი პოლიტიკური გზავნილი "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატისგან - მიხეილ ყაველაშვილმა საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად ამჯერადაც პარლამენტის ოფიციალური ვებ-გვერდი გამოიყენა. "ოცნებიდან" წასული დეპუტატი ამ შემთხვევაში კელი დეგნანს მიმართავს და ამბობს, რომ საქართველოს ომში ჩართვის ნარატივი არა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურიდან, არამედ საელჩოსგან დაფინანსებული და მხარდაჭერილი პოლიტიკური ჯგუფებიდან ისმის. 

მიხეილ ყაველაშვილის მოსაზრებას იზიარებენ მასთან ერთად "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატები. სოზარ სუბარი და დიმიტრი ხუნდაძე ფიქრობენ, რომ დასავლელი პარტნიორების მხრიდან ოპოზიციის საომარ მოწოდებებზე დუმილი, საზოგადოებაში ნდობას სწორედ შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს უკარგავს. საკითხზე დიმიტრი ხუნდაძემ დღეს წერილიც გაავრცელა.

"ოცნებიდან" წასული დეპუტატების განცხადებას მალევე უპასუხეს წერილების ადრესატმა ოპოზიციურმა პარტიებმა. "ნაციონალურ მოძრაობასა" და "სტრატეგია აღმაშენებელში" ამბობენ, რომ მმართველი ძალის ყოფილი წევრების პოზიცია ქვეყნის იმიჯსა და ინტერესებს აზიანებს. 

"ქართულ ოცნებაში" მათი გუნდიდან წასული დეპუტატების განცხადებების შეფასებისას ამბობენ, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს. მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს ის მიზეზები, რის გამოც სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა მათი რიგები დატოვეს.

"ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატებმა უკვე რამდენიმე წერილი გამოაქვეყნეს. კრიტიკა ძირითადად იმ პროცესებს, გეგმებს და პერსონებს ეხებათ, ვინც მათი თქმით, საქართველოში რევოლუციური სცენარის დაგეგმვას და განხორციელებას ცდილობს. 

დღის ამბები