"საზოგადოებრივი მაუწყებელი" განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მათ ჟურნალისტებზე ხდება ორკესტრირებული თავდასხმა და, რომ მედია აღარასდროს არ გახდება არცერთი პოლიტიკური ძალისთვის მხარე.
მათვე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ქვეყნის მთავარი ევროპული ინსტიტუციაა, მისი დამოუკიდებლობა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით.
"ბოლო პერიოდში საზოგადოებაში უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე, ადგილი აქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებზე, მის დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკაზე ორკესტრირებულ თავდასხმას.
გვინდა, მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დღევანდელი თავისუფალი და ნეიტრალური სარედაქციო პოლიტიკა არის თითოეული ჩვენგანის, საზოგადოების თითოეული წევრის უდიდესი მონაპოვარი ქვეყნის დემოკრატიზაციის გზაზე.
საზოგადოებრივი მაუწყებელი ქვეყნის მთავარი ევროპული ინსტიტუციაა, მისი დამოუკიდებლობა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება არის ევროპული პრაქტიკის ანალოგი, რომელზეც აპელირება იაფი პოლიტიკური ხერხია და არაფერი აქვს საერთო ორგანიზაციის სარედაქციო პოლიტიკასთან და დამოუკიდებლობასთან.
დაფინანსების არსებული ფორმა იძლევა მყარ გარანტიას, რომ ორგანიზაცია იყოს დამოუკიდებელი მთავრობისგან თუ ოპოზიციისგან,"-ნათქვამია განცხადებაში.