27 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
500 მილიონი ლარის ინვესტიცია, 3 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი და უნიკალური სპა-კურორტი - როგორია წყალტუბოს აღდგენის მთავრობისეული გეგმა

საქართველოს მთავრობამ, პროექტ "წყალტუბოს ახალი სიცოცხლის" ფარგლებში, კურორტის აღდგენის გეგმა წარმოადგინა. მთავარი ჩანაფიქრია წყალტუბო საერთაშორისო დონის, მრავალფუნქციური კურორტი გახდეს. პროექტის პრეზენტაცია სანატორიუმ "მედეას" ტერიტორიაზე გაიმართა.

ამ გეგმის განსახორციელებლად საჭიროა ინვესტიცია. მთავრობის გადაწყვეტილებით, საპრივატიზაციო აუქციონზე გამოვა 50 მილიონი ლარის ღირებულების 14 ობიექტი. პრივატიზებას დაექვემდებარება მხოლოდ უძრავი ქონება, სასტუმროები და ყოფილი სანატორიუმები, უნიკალური წყაროები კი სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩება.

წყალტუბოს რეაბილიტაცია რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზეა დამყარებული - უნდა შენარჩუნდეს კურორტის იდენტობა და ავთენტურობა, ქალაქმა უნდა შეიძინოს საერთაშორისო როლი. პროექტი ითვალისწინებს წყალტუბოში უნიკალური სპა-კურორტის ჩამოყალიბებას. ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, მასშტაბური პროექტი შექმნის 3200-ზე მეტ სამუშაო ადგილს და მოიზიდავს 500 მილიონი ლარის ინვესტიციას.

სამედიცინო ტურიზმის განვითარება, ტურისტული შეთავაზებების მრავალფეროვნება, განახლებული ინფრასტრუქტურა, უნიკალური ბუნება და წყლები - ოთხივე სეზონისთვის მისაღები მომსახურების პირობებში, ტურიზმისა და ბიზნეს სფეროს წარმომადგენლების ვარაუდით, წყალტუბო კონკურენციას მსოფლიო დონის სპა-ცენტრებს გაუწევს.

22 სანატორიუმი, 9 ბალნეოლლოგიური აბანო, 150-ზე მეტი სახეობის ფოთლოვანი და წიწვოვანი საფარი - ეს ყველაფერი წყალტუბოში, ამფითეატრის ფორმით, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იან წლებში გაშენდა. კურორტის თავდაპირველი განვითარება 1926 წელს დაიწყო და თავისი უნიკალურობით ასი ათასობით ვიზიტორის დასვენების და გაჯანსაღების ადგილად იქცა. წყალტუბო ერთ-ერთი უიშვიათესი საკურორტო ზონაა, რომელიც დაიგეგმა და აშენდა მეცნიერულად დასაბუთებული, გენერალური გეგმის მიხედვით. წყალტუბო დღემდე რჩება ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად სამედიცინო ტურიზმის თვალსაზრისით.

დღის ამბები