უკრაინის აღდგენა დღესვეა საჭირო - ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი ვიდეომიმართვის დროს გააკეთა. მისი თქმით, ბევრი საუბრობს უკრაინის აღდგენის აუცილებლობაზე ომის შემდეგ, თუმცა ქვეყნის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უკრაინის განახლება ახლავეა საჭირო და ამაში კიევს დემოკრატიული სამყარო დაეხმარება.
მიმართვაში ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ოკუპანტებისგან უკრაინის მიწის გათავისუფლებას, რის გამოც მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ძალისხმევისთვის.
"უკრაინის აღდგენა არ არის მხოლოდ ის, თუ რა უნდა გაკეთდეს მოგვიანებით, ჩვენი გამარჯვების შემდეგ, ეს არის ის, თუ რა უნდა გაკეთდეს ახლა. უკრაინის აღდგენა დღესვეა საჭირო და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენს პარტნიორებთან, მთელ დემოკრატიულ სამყაროსთან ერთად. უკრაინულმა ძალებმა ოკუპანტებისგან ათასზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს. ყველა გათავისუფლებული დასახლება დანგრეულია. ეს ნიშნავს, რომ მათი ინფრასტრუქტურის აღდგენას სჭირდება კოლოსალური რესურსი. სიტუაცია ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში არსებითად არ შეცვლილა. მტერი აგრძელებს სასაზღვრო რაიონების დატერორებას. მათ შორის სუმის, ქალაქ ხარკოვისა და ოლქის, ასევე დონბასის. უკრაინის შეიარაღებული ძალები პასუხობენ, ზეწოლას აგრძელებენ და დღითიდღე ანადგურებენ ოკუპანტების შეტევით პოტენციალს. ჩვენ უნდა გავტეხოთ ისინი. ეს რთული ამოცანაა, მაგრამ ალტერნატივა არ გვაქვს - ეს ეხება ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენს მომავალს და უკრაინელი ხალხის ბედს,"- აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.