ტურიზმის სექტორი ქონების გადასახადისგან გათავისუფლდა - 1200-ზე მეტი მეწარმე წლის ბოლომდე გადასახადს აღარ გადაიხდის, რაც ციფრებში 40 მილიონ ლარს შეადგენს. გადაწყვეტილება ხელისუფლებამ პანდემიის გამო დაზარალებული სექტორის აღსადგენად მიიღო. ტურიზმი, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი შემვსებია, დაზოგილი თანხით ბიზნესის განვითარებას აპირებს. მთავრობის ეკონომიკური გუნდი კი ქვეყანაში ტურისტული სექტორის კიდევ უფრო განვითარებას აანონსებს და აცხადებს, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში საქართველოში ტურისტთა ნაკადები კიდევ უფრო გაიზრდება.
ტურისტული კომპანიები, რესტორნები, სასტუმროები - ეს იმ დაწესებულებების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც შეღავათები ეხება. მეწარმეები ამბობენ, რომ პანდემიური პერიოდის დასრულების შემდეგ ტურიზმი აღდგენის ახალ ეტაპზე გადავიდა.
ტურიზმის სფეროს ხელშეწყობაზე საუბრობენ შემოსავლების სამსახურში. მომსახურების დეპარტამენტში განმარტავენ იმ კრიტერიუმებს, რომლის მიხედვითაც, ტურისტული ბიზნესი 2021 წლის გადასახადისაგან გათავისუფლდა.
მთავრობის გადაწყვეტილების ეფექტურობაზე თანხმდება ეკონომიკური გუნდი. ამბობენ, რომ კოვიდპანდემიის პერიოდში დაზარალებული სექტორისთვის შეღავათები დროული იყო. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, პრემიერის ინიციატივა, პარლამენტმა კანონის სახით უკვე მიიღო.
ხელისუფლებაში ტურისტული სექტორის მეტ განვითარებას აანონსებენ. ამბობენ, რომ სფეროს აღდგენის დღევანდელი ტემპი, დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა.