27 ნოემბერი 2024,   11:42
ვრცლად
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, ქართული ლიტერატურის გამოცდაზე წარდგენილ სატესტო კითხვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის ერთ-ერთი დავალების შესახებ განცხადებით ეხმიანება:

"შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის ერთ-ერთი დავალების შესახებ. გაცნობებთ, რომ აღნიშნულ დავალებაში მოცემული იყო ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოები "ამაყი", რომელიც ეხება თავისუფლებისათვის ბრძოლის თემას. ამ ტექსტს მოჰყვებოდა 10 კითხვა არჩევითი პასუხებით. ამის შემდეგ მოცემული იყო მითითება ტექსტის ანალიზისთვის, რასაც ასეთი შინაარსი ჰქონდა: აქვს თუ არა აზრი ბრძოლას, თუ დამარცხებისთვის ხარ განწირული. 

სამწუხაროდ, ზოგიერთი მედიასაშუალებისგან აღნიშნულ საკითხს მოჰყვა არასწორი ინტერპრეტაციები და გავრცელდა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა, რამაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა. 

ვინაიდან, დღეს დაიწყო  გამოცდები და რეგისტრირებულია 90 000-ზე მეტი გამოსაცდელი, მათივე ინტერესებიდან გამომდინარე, დაუშვებლად მიგვაჩნია საკითხის პოლიტიზება, რადგან მსგავსი ტიპის ინფორმაციამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს აპლიკანტებზე. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ცდილობენ გამოცდების პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებას, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.

თითოეული ჩვენგანის მიზანია მივცეთ აბიტურიენტებს ცოდნის მაქსიმალურად გამოვლენის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გთხოვთ ტესტის გამოქვეყნებამდე თავი შეიკავოთ მისი შეფასებებისგან. მანამდე კი დაინტერესებულ საზოგადოებას თავად შეუძლია გაეცნოს ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოებს,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები