ქუთაისში, ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. საქალაქო სასამართლომ სრულად გაითვალისწინა ბრალდების შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით.
ბრალდებულის უფლებადამცველი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, ის ეთანხმება წინასწარ პატიმრობას, რის გამოც გადაწყვეტილება არ გასაჩივრდება.
"მე მასთან შეთანხმებით დავეთანხმე პროკურორის მიერ მოთხოვნილ აღკვეთის ღონისძიებას, ვინაიდან პატიმარს თავად სურს, რომ სანამ გაირკვევა ამ საქმის ობიექტური ჭეშმარიტება და დადგინდება სიმართლე, იქამდე ის არ არის წინააღმდეგი რომ იმყოფებოდეს წინასწარ პატიმრობაში,"-აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი გელა სორდია.
პროკურორის განცხადებით კი, არსებობს ბრალდებულის მიმალვის, ან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.
"ბრალდების მხარე აპელირებდა პიროვნულ მახასიათებლებზე, აპელირებდა იმ გარემოებით, რომ არსებობდა იმის საფუძველი, რომ შესაძლოა კვლავ ჩაედინა ახალი დანაშაული,"-აცხადებს პროკურორი რევაზ თოფურია.
დავით ცერცვაძის მომდევნო პროცესი 25 აგვისტოს გაიმართება. მას გამოძიება ყოფილი მეუღლის გაძზერახ მკვლელობას ედავება, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი ბრალდებულს, 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.