უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები ლუჰანსკის ქალაქ ლისიჩანსკს ტოვებენ. მათი განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინელი დამცველების სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით მიიღეს.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კი ამბობს, რომ უკრაინა არაფერს თმობს.
"თუ ჩვენი არმიის სარდლობას გაჰყავს ხალხი ფრონტის გარკვეული წერტილებიდან, სადაც მტერს აქვს უდიდესი საცეცხლე უპირატესობა, კერძოდ, ეს ეხება ლისიჩანსკს, ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: ჩვენ დავბრუნდებით ჩვენი ტაქტიკის წყალობით, თანამედროვე იარაღის მოწოდების გაზრდის წყალობით.
უკრაინა არაფერს თმობს. როდესაც ვინმე იქ, მოსკოვში რაიმე ინფორმაციას ავრცელებს ლუჰანსკის რეგიონის შესახებ - დაე, გაიხსენოს მათი დაპირებები 24 თებერვლამდე, ამ შემოჭრის პირველ დღეებში, გაზაფხულზე და ახლა. დაე, რეალურად შეაფასონ რა მიიღეს ამ დროის განმავლობაში და რამდენი გადაიხადეს ამისთვის. ჩვენ თანდათან წინ მივდივართ - ხარკივის რეგიონში, ხერსონის რეგიონსა და ზღვაზე: ზმეინი კარგი მაგალითია. დადგება დღე, როცა იმავეს ვიტყვით დონბასზე. რუსეთის ეკონომიკა ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე დიდ კრიზისში აღმოჩნდა," - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის სამხრეთში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტებს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს, მათ შორის გაანადგურეს სარადარო და რადიო-ელექტრონული დაზვერვის სადგური, 47 რუსი მებრძოლი. გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საჰაერო და სარაკეტო დარტყმები მიიტანეს მტრის საბრძოლო მასალის ორ საცავზე მიკოლაივის რეგიონში.
რაც შეეხება მტრის თავდასხმებს, გვიან ღამით რუსმა სამხედროებმა დაბომბეს სუმის ოლქში მდებარე ფსიქიატრიული პანსიონი, რის შედეგადაც დაშავდა სამი პაციენტი .
სარაკეტო დარტყმები იყო დონეცკის ოლქშიც. ყველაზე მეტად კრამატორსკი და სლოვიანსკი დაზარალდა. დაიღუპა 7 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი, დაშავდა 20.