27 ნოემბერი 2024,   11:50
ვრცლად
ქუთაისში, ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებული დავით ცერცვაძე მკვლელობის მომენტში შერაცხადი იყო - მას დღეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

ქუთაისში, ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ დავით ცერცვაძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ის ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა, შესაძლოა,, სიტყვის უფლებით ხვალინდელ სასამართლო პროცესზე ისარგებლოს, სადაც მისი პატიმრობაში დატოვების საკითხი უნდა გადაწყდეს.

ადვოკატმა დღეს ბრალის წარდგენის შემდეგ მხოლოდ ორი დეტალის შესახებ ისაუბრა, რომ დაკავების მომენტში ბრალდებული ფხიზელი იყო და ამასთან, ის შერაცხადია და ფსიქიკური პრობლემები არ აქვს.

მამაკაცი, რომელმაც ყოფილი მეუღლე სასტიკად მოკლა, დანაშაულის ჩადენის მომენტში შერაცხადი და სრულიად ფხიზელი იყო. ექსპერტიზის დასკვნა სხვა მტკიცებულებებთან ერთად, საქმის მასალებში ჩაიდო. დავით ცერცვაძეს უმძიმესი ბრალი ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორში ოფიციალურად გააცნეს. მას საზოგადოებრივი ადვოკატი იცავს. ბრალდებულმა მას საქმის დეტალებზე საუბარი კატეგორიულად აუკრძალა. 

36 წლის ქალის ცხედარი ექსპერტიზის შემდეგ, იმავე სახლში გადაასვენეს, სადაც თიკო ტურაბელიძე ყოფილმა ქმარმა მოკლა. მანამდე დავით ცერცვაძემ, ამ სახლიდან შვილი ნათესავთან წაიყვანა, ნახევარ საათში კი, უკან დაბრუნდა. მეზობლებმა გაიგეს, როგორ ითხოვდა ქალი შველას, თუმცა ქალს ცოცხალს ვეღარ მიუსწრეს. დამნაშავე ადგილიდან გაქცევას ცდილობდა, მაგრამ ადგილობრივებმა მას სახლის კარი გარედან ჩაუკეტეს და პოლიცია გამოიძახეს. 

ჰქონდა თუ არა მამაკაცს წინასწარ განზრახული ყოფილი მეუღლის მკვლელობა, გამოძიება დაადგენს, რომელიც უმძიმესი მუხლით მიმდინარეობს. 36 წლის ქალს სასიკვდილო ჭრილობები დანით, ყელისა და თავის არეში აქვს მიყენებული. სამართალდამცველებმა, სავარაუდოდ, უკვე ამოიღეს მკვლელობის იარაღი. 

თიკო ტურაბელიძე და დავით ცერცვაძე ერთმანეთს შვიდი წლის წინ დაშორდნენ. ქალი შვილს დამოუკიდებლად, ნაქირავებ ბინაში ზრდიდა. მამაკაცი კი, საზღვარგარეთ ცხოვრობდა და საქართველოში რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა. ბრალდებულის მამა ამტკიცებს, რომ მის შვილს ყოფილ ცოლთან კონფლიქტი არ ჰქონია. 

უმძიმესი დანაშაულის მოტივი უცნობია. 41 წლის დავით ცერცვაძის აღკვეთის ღონისძიებაზე ქუთაისის სასამართლო ხვალ იმსჯელებს. ცნობილია, რომ პროკურატურა დავით ცერცვაძის პატიმრობას ითხოვს. ალაპარაკდება თუ არა ბრალდებული, სხდომაზე გაირკვევა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დავით ცერცვაძეს 16-20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები