27 ნოემბერი 2024,   11:41
ვრცლად
ინციდენტი კალათბურთის მატჩზე - რა შეფასებები გაკეთდა სკანდალური თამაშის შემდეგ

უკრაინელი და ქართველი კალათბურთელების მატჩი რიგაში, ნეიტრალურ მოედანზე ქართველთა გუნდის მარცხით და არასასიამოვნო ინციდენტით დასრულდა. თამაშის ბოლოს უკრაინელთა ლატვიელმა მწვრთნელმა, აინარს ბაგაცკისმა, რომელიც ერთ დროს კლუბ "სოხუმის" თავკაციც იყო, საქართველოს გუნდისა და მისი ბერძენი დამრიგებლის, ილიას ზუროსის მიმართ უპატივცემულობა უხამსი ჟესტის ჩვენებით გამოხატა, რასაც მეტოქეთა შორის შელაპარაკება მოჰყვა.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე, უკრაინასთან მატჩის ბოლოს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და აინარს ბაგაცკისის ქმედებას ყოვლად მიუღებელი და უღირსი საქციელი უწოდა.

ინციდენტს გამოეხმაურა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრიც. თეა წულუკიანმა მეტოქე გუნდის მწვრთნელის საქციელი დაგმო, უზრდელობა უწოდა და ქართველების მხრიდან პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა.

თავად ლატვიელმა სპეციალისტმა კი ბოდიშის მოხდის ნაცვლად, ქართველებს წიგნის წაკითხვა ურჩია და აღნიშნა, რომ მან კარგად იცის მეტოქის პატივისცემა და თამაშის კოდექსიც.

ინციდენტზე არ უსაუბრია საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს. ილიას ზუროსმა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კომენტარი მხოლოდ წაგებულ შეხვედრაზე გააკეთა.

რაც შეეხება მატჩს, საქართველოს ნაკრებმა უკრაინის გუნდთან ბევრისთვის მოულოდნელად 13 ქულიანი სხვაობით 66:79 წააგო და საკმაოდ გაირთულა მდგომარეობა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში. საქართველოს ნაკრებიდან 22 ქულით მაკფადენი და 21 ქულით შენგელია გამოირჩეოდა. უკრაინელთაგან კი 17 ქულით ყველაზე შედეგიანი ბობროვი იყო, ხოლო მიხალიუკმა 16 ქულა დააგროვა. მცირე ტრავმის გამო არ უთამაშია გოგა ბითაძეს და ის სავარაუდოდ ესპანელებთან შეხვედრისას განაცხადში იქნება.

ქართველ კალათბურთელებს G ჯგუფის 5 შეხვედრაში 3 მოგება და 2 მარცხი მოუგროვდათ და იმისათვის, რომ მე-3 ადგილზე არ დარჩნენ, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, ესპანეთის ნაკრებთან გამარჯვება სჭირდებათ. თამაში 4 ივლისს თბილისის ევროპირველობისთვის აშენებულ ახალ დარბაზში 19 საათზე დაიწყება

 

ავტორი: დავით ფრანგიშვილი

დღის ამბები