27 ნოემბერი 2024,   11:45
ვრცლად
სიტყვიერი დაპირისპირება და ხმაური რეგიონებში - 3 ივლისის აქციასთან დაკავშირებული საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება 

ევროინტეგრაციის საკითხზე მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება, თუმცა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე.

დღეს ხმაური იყო მარნეულში, ქალაქში ჩასული აქტივისტების ინფორმაციით, მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკური ძალადობაც სცადეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეებს რეგიონებში უკვე რამდენიმე დღეა ხვდებიან და 3 ივლისის აქციის შესახებ ინფორმაციას აწვდიან.

ხმაური იყო რუსთავშიც. ცენტრალურ პარკში, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებს სამოქალაქო აქტივისტები დახვდნენ და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. აქტივისტებმა პოლიტიკოსებს წარსული შეახსენეს, რასაც მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

მარნეულისა და რუსთავისგან განსხვავებით, საინფორმაციო კამპანიამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა ბათუმში. ზღვისპირა ქალაქში დღეს სტუდენტები ჩავიდნენ და მოქალაქეებს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, საინფორმაციო ბუკლეტები გადასცეს.

რეგიონებში მიმდინარე პროცესებს, პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ. მმართველი გუნდში ამბობენ რომ ყველანაირ გადაცდომას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. კანონის ფარგლებში კი პოზიციის გამოხატვის უფლება აქვს როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს. ოპოზიცია კი, მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებს.

პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ხელისუფლების მოწოდებაა ყველამ შეინარჩუნოს სიმშვიდე, რათა მხარეებს შორის მოხერხდეს კონსტრუქციული თანამშრომლობა.

3 ივლისს დაანონსებული აქციის საინფორმაციო კამპანია, დღეს თბილისში არ ყოფილა. თუმცა დედაქალაქსა და რეგიონებში ევროინტეგრაციის საინფორმაციო შეხვედრები, მოსახლეობასთან უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება.

დღის ამბები