თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით გზა ისევ პარალიზებულია - ქალაქ ხოფასთან დილის საათებში კლდის მასა ჩამოიშალა, ავტობანის გაწმენდას ახლაც ცდილობენ. ლოდები ტრაილერების რიგს დაეცა, შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულებიც, მათ შორის არ არიან საქართველოს მოქალაქეები.
გარდაცვლილია აზერბაიჯანის მოქალაქე ახალგაზრდა მამაკაცი, ის ერთ-ერთი სატვირთოს მძღოლი იყო. შემთხვევის შედეგად კიდევ ორი პირი, უზბეკეთისა და ყაზახეთის მოქალაქეები დაშავდნენ, ისინი ამ დროისთვის ხოფას ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გადიან მკურნალობას. არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევის გამო, დაახლოებით 10 საათზე მეტია პარალიზებულია საქართველოს მიმართულებით ნებისმიერი სახის საავტომობილო გადაადგილება. ადგილზე მობილიზებულია თურქეთის შესაბამისი სამსახურები, მიმდინარეობს ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები.