27 ნოემბერი 2024,   12:36
ვრცლად
ალიანსის კარი ღიაა საქართველოსთვის - ქართული დელეგაცია მადრიდიდან ქვეყანაში ამ გზავნილით ბრუნდება

თბილისი მადრიდის სამიტის შედეგებს ითვლის. ალიანსის კარი ისევ ღიაა. ნატო, რომლის მთავარი საფრთხე დღეიდან რუსეთია, საქართველოს თავდაცვის უნარიანობის ამაღლებაში დაეხმარება.

ნატოს გენერალური მდივანი ალიანსის პარტნიორი ქვეყნის ლიდერებს ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სპეციალურ სხდომაზე შეხვდა. მადრიდის სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხო გარემო იყო. საბჭოს სპეციალურ სხდომას, რომელსაც ალიანსის წევრი ქვეყნების გარდა ფინეთის, შვედეთის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, იაპონიის, სამხრეთ კორეის ლიდერები, ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ, საქართველოს პრემიერ მინისტრმა სიტყვით მიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხო გარემოსა და არსებულ ვითარებაში ჩვენი ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე გაამახვილა. პრემიერის თქმით, რეფორმების განხორციელების კუთხით, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე დადებითად აისახება.

ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სპეციალურ სხდომას და ალიანსის გენერალურ მდივანთან შეხვედრას ირაკლი ღარიბაშვილი "ტვიტერზეც" გამოეხმაურა. მთავრობის მეთაურმა, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრას სასიამოვნო უწოდა. პრემიერის თქმით, ნატოს ყველაზე სანდო და შემძლე პარტნიორის რანგში საქართველო მზადაა მჭიდროდ იმუშაოს ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან მშვიდობის, სტაბილურობის და საერთო ფასეულობების დასამკვიდრებლად როგორც რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

მადრიდის სამიტს და მის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს საგარეო საქმეთა მინისტრი და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში წარმატებულად აფასებენ. ამბობენ, რომ ალიანსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და გაწერა, რომ ღია კარის პოლიტიკა კვლავ ნარჩუნდება.

უსაფრთხოების, უფრო კონკრეტულად კი-  კიბერშეტევებისგან დასაცავად საქართველომ ბრიტანეთიდან სოლიდური დახმარების პაკეტი მიიღო. 5 მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფასთან დაკავშირებით ინფორმაცია ბორის ჯონსონმა სოციალური ქსელითაც გავრცელა.
ინგლისის პრემიერის თქმით, ბრიტანეთი გააძლიერებს საქართველოს მხარდაჭერას რუსეთიდან და ნებისმიერი სხვა წყაროდან მომდინარე კიბერ-შეტევების მიმართ. დამატებით გამოყოფილი 5 მილიონი გირვანქა სტერლინგი კი ქვეყანას საერთო უსაფრთხოების კონტექსტში საფრთხეების გამოვლენასა და მათზე რეაგირებაში დაეხმარება.

კიბერშეტევებისგან თავის დასაცავად 5 მილიონი გირვანქა სტერლინგის დახმარების გამოყოფას ირაკლი ღარიბაშვილიც მადრიდშივე სოციალურ ქსელ "ტვიტერში"გამოეხმაურა. პრემიერის თქმით, სოლიდური დახმარება არა მხოლოდ, საქართველოს, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოებაში შეიტანს წვლილს.

ნატოს სამიტის მნიშვნელობასა და ღია კარის პოლიტიკის შენარჩუნებაზე ისაუბრეს პარტნიორი ქვეყნების პირველმა პირებმაც. ლატვიის პრეზიდენტის თქმით, საქართველოს პრემიერ მინისტრის მონაწილეობა სამიტში ღია სიგნალია რომ ალიანსი ღიაა საქართველოსთვის.

მადრიდში ნატოს სამიტის ფარგლებში ქართულ დელეგაციას პრემიერის ხელმძღვანელობით არაერთი პირისპირ შეხვედრა ჰქონდა საქართველოს პარტნიორი და მოკავშირე ქვეყნების პირველ პირებთან. ჯო ბაიდენი, ბორის ჯონსონი, ემანუელ მაკრონი, ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ყველა ამ ლიდერსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის საუბარი საქართველოს ევროპულ მომავალსა და ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებს უკავშირდებოდა. სხვადასხვა ქვეყნის პირველ პირებთან და ნატოს მაღალჩინოსნებთან ერთად საქართველოს მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებს ევროპული საბჭო და მისი პრეზიდენტი.

დღეს მადრიდის სამიტის ბოლო დღეა. წლევანდელ შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი მიიღეს. მათ შორის ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, სამიტის კომუნიკე და „საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტი“, რომელიც ქვეყნისთვის თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას და ამ პროცესში ნატოს კიდევ უფრო მეტ ჩართულობას გულისხმობს. მომავალი სამიტი 2023 წელს ლიეტუვაში გაიმართება.

დღის ამბები