27 ნოემბერი 2024,   12:27
ვრცლად
ელექტრონული რეცეპტის გარეშე ფსიქოტროპული და სხვა სახის წამლების გაყიდვის გამო 650-ზე მეტი აფთიაქი დაჯარიმდა, აქედან 31 - განმეორებით

650-ზე მეტი დაჯარიმებული აფთიაქი ურეცეპტოდ წამლების ვაჭრობის გამო, აქედან 31-ს უკანონოდ გაყიდული მედიკამენტების გამო ჯარიმა განმეორებით დაუწერეს. მთელი ქვეყნის მაშტაბით სპეციალური სამსახურის მიერ 900 ობიექტის შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ელექტრონული რეცეპტით წამლებს მხოლოდ 60 აფთიაქი ყიდის. დაჯარიმებული ფარმაცევტული დაწესებულებები მათ შორის ელექტრონული რეცეპტის გარეშე ჰყიდდნენ ფსიქოტროპულ წამლებსაც.

"კურიერმა" დღეს ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა და რამდენიმე დაჯარიმებული აფთიაქი შეამოწმა. ჩვენს ჟურნალისტს ფარმაცევტულ სახლებში სხვადასხვა ტიპის წამლები ურეცეპტოდ ზედმეტი კითხვის გარეშე მიჰყიდეს. ელექტრონული რეცეპტის გარეშე მედიკამენტების გაყიდვის გამო პირველ ჯერზე ჯარიმა 500 ლარია, თუმცა ჯანდაცვის უწყება რეგულაციების გამკაცრებას და ჯარიმების გაორმაგებას აპირებს.

"კურიერის" მიერ ჩატარებული ექსპერიმენტითაც დასტურდება, რომ მედიკამენტები, რომლებიც, მხოლოდ ელექტრონული რეცეპტის საშუალებით უნდა გაიცეს, ყველასთვის მარტივად ხელმისაწვდომია.

პრეპარატი ელექტრონული რეცეპტის გარეშე ვაჟა ფშაველას გამზირზე ერთ-ერთ აფთიაქში ვიყიდეთ. როცა ფარმაცევტმა გაარკვია, რომ ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების მონაწილე იყო თავდაპირველად წამლის გაყიდვის ფაქტი უარყო, თუმცა შემდეგ დაგვიდასტურა და ისიც გვითხრა , რომ ანალოგიური შემთხვევის გამო აფთიაქი ერთხელ უკვე დაჯარიმებულიც იყო.

როგორც თბილისში, ისე ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე აფთიაქშიც მედიკამენტის ყიდვა მარტივად ყოველგვარი ბარიერის გარეშე შევძელით. ფარმაცევტულ დაწესებულებაში რეცეპტი არავის მოუთხოვია.

ელექტრონული რეცეპტით მედიკამენტების გაცემის წესი 1 აპრილიდან ამოქმედდა. ჯანდაცვის სამინისტრომ 2 თვის პერიოდში 900-მდე კომპანიის საქმიანობა შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ საქათველოს მასშტაბით 650 აფთიაქი დაჯარიმდა, აქედან 31-ზე განმეორებითი გაფრთხილება გაიცა.​

ელექტრონული რეცეპტით მედიკამენტების გაცემის სარგებელზე საუბრობენ ჯანდაცვის სამინისტროში. ამბობენ, რომ ეს პრინციპი პაციენტს თვითმკურნალობის რისკისგან აზღვევს.​

ოჯახის ექიმთან ვიზიტი უფასოა. ელექტრონული წესით რეცეპტის გამოწერას კი სულ 5 წუთი სჭირდება. ექიმი, ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილების მიხედვი,თ ჯერ მედიკამენტს და შემდეგ დოზას სწორად არჩევს. საჭირო პრეპარატზე მოთხოვნის ატვირთვა ხდება ელექტრონულ სისტემაში და პაციენტს უკვე შუძლია სააფთიაქო ქსელში მისთვის საჭირო წამალი იყიდოს.

ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტული ბაზრის მეტი კონტროლის მიზნით სანქციების გამკაცრების ახალ პაკეტზე მუშაობს. დოკუმენტი ძალაში მალე შევა, არ არის გამორიცხული ჯარიმების რაოდენობა გაორმაგდეს ან ფარმაცევტულ კომპანიას კანონის დარღვევის შემთხვევაში საქმიანობის უფლება შეეზღუდოს.

დღის ამბები