27 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
თბილისი, თელავი, ბათუმი, გორი, ზუგდიდი - 3 ივლისის აქციის მზადება დაპირისპირებების, ხელჩართული ჩხუბის და გინების ფონზე მიმდინარეობს

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან 3 ივლისის აქციის სარეკლამო ფლაერების დარიგებას მოჰყვა. ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების ერთობლივი აქციის მხარდამჭერებს, სტუდენტებისა და მოქალაქეების ნაწილი დაუპირისპირდა. მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.

სიტყვიერი დაპირისპირება და ცოცხალი ჯაჭვი ერეკლე მეორეს სასახლესთან თელავში - ასე გაგრძელდა აქციის სააგიტაციო კამპანია კახეთში. რეგიონში ჩასულ ოპოზიციის მხარდამჭერებს "ქართული ოცნების" მომხრეების ნაწილი დაუპირისპირდა. თელაველებმა აქტივისტები სასახლის ეზოში არ შეუშვეს და დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშაულეს.

აქციის სარეკლამო ბროშურების დარიგების დროს გორის ბაზარში მწვანილი ესროლეს ბადრი ჯაფარიძეს. "ლელოს" ლიდერი თანაპარტიელებთან ერთად, ადგილობრივებს ევროპის მნიშვნელობასა და ხელისუფლების ანტიდასავლურ პოლიტიკაზე ესაუბრებოდა. სწორედ ამ ბოლო საკითხს მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება.

ანტისახელმწიფოებრივ ქმედებასა და სიცრუის ტირაჟირებაში დასდეს ბრალი ბათუმში ჩასულ "სირცხვილიას" ერთ-ერთ ლიდერსაც. "ოცნების" მხარდამჭერსა და გიგა მაქარაშვილს შორის სიტყვიერი შეკამათება ურთიერთ ბრალდებებით გაგრძელდა.

კამათის გარეშე შეხვედრას არც ზუგდიდში ჩაუვლია. ადგილობრივებმა სამოქალაქო აქტივისტები "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობის გამო გააკრიტიკეს.

ხმაურსა და დაპირისპირებებს დღეს პოლიტიკოსები თბილისშიც გამოეხმაურნენ. ოპოზიციის ნაწილი კონფლიქტებზე პასუხისმგებლობას ორივე მხარეს აკისრებს. მეორე ნაწილი კი ხელისუფლებას დივერსიულ მოქმედებებში სდებს ბრალს.

ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს მმართველი გუნდი. "ქართული ოცნება" პოლარიზაციის გაღრმავებაში ოპონენტების კვალს ხედავს. ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და მისი სატელიტები ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას მიზანმიმართულად აფერხებენ.

აქცია "შინ ევროპისკენ" ორგანიზატორები დედაენის ბაღშიც შეიკრიბნენ. "სირცხვილიას" წევრებმა საინფორმაციო ბანერები დაარიგეს და შეკრებილებს აქტიურობისკენ მოუწოდეს. მომხდარ ინციდენტებს დღის ბოლოს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ მომხდარი ფაქტები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და სამართალდამცველებმა საინფორმაციო კამპანიის მშვიდ და უსაფრთხო ვითარებაში წარმართვა უნდა უზრუნველყონ.

დღის ამბები