27 ნოემბერი 2024,   12:25
ვრცლად
მადრიდის სამიტი საქართველოსთვის წარმატებული იყო, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ჩვენთვის ფუნდამენტური ასპექტია - ხავიერ კოლომინა

ნატოს ისტორიული სამიტი დასრულებულია. მადრიდში ლიდერებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს. რაც შეეხება საქართველოს - ალიანსი აღმოსავლეთ ფლანგს აძლიერებს. ჩვენმა ქვეყანამ ახალი და გაძლიერებული დახმარების პაკეტი მიიღო - ასევე, ძალაში დარჩა ბუქარესტის გადაწყვეტილება ღია კარის პოლიტიკის შესახებ.

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა აცხადებს, რომ მადრიდის ისტორიული სამიტი საქართველოსთვის წარმატებული იყო და ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

"საქართველის პრემიერ მინისტრი ღარიბაშვილი ესწრებოდა სამიტის მეორე სხდომას. ვისაუბრეთ შავ ზღვაზე, ნატოსთვის სტრატეგიულ ადგილზე. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ერთგულება 2008 წელს ბუქარესტში გაცხადებული დაპირებისადმი. შევთანხმდით დახმარების პაკეტზე, რომელიც თანამშრომლობის რამდენიმე ასპექტს მოიცავს. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ნატო - საქართველოს არსებით პაკეტთან დაკავშირებით, რაც ჩვენი თანამშრომლობის საკვანძო ნაწილია. ჩვენ საქართველოსთან ვთანამშრომლობთ საჰაერო თავდაცვის მიმართულებით, კრიზისის მენეჯმენტის კუთხით, ვმუშაობთ კიბერ, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული თავდაცვის მიმართულებით. ჩვენ გავზარდეთ სწავლების სიხშირეც. მნიშვნელოვანია, რომ სწავლება ძალიან ცოტა სახელმწიფოსთან გვაქვს.

მადრიდის ისტორიული სამიტი საქართველოსთვის წარმატებული იყო. ნატოს კარი ღიაა და თქვენ ამისთვის მზად უნდა იყოთ. მზად უნდა იყოთ ამ მომენტისთვის. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა , რომელიც ალიანსმა ერთხმად უნდა მიიღოს. ეს კი მოხდება მაშინ, როცა ისინი თქვენ მიერ გატარებული რეფორმების პროგრესს მხედველობაში მიიღებენ. არის გარკვეული მიმართულებები სადაც საქართველომ რეფორმების გზა უნდა გააგრძელოს. სწორედ ეს არის ის რაც ჩვენ გვინდა. მე შევხვდი საქართველოს პრემიერს, საგარეო და თავდაცვის მინისტრებს, განვიხილეთ რეფორმების საკითხი. მე საქართველოს მისწრაფებების ძლიერი მხარდამჭერი ვარ. აღვნიშნე, რომ საქართველო - ნატოს ურთიერთობა მნიშვნელოვნად დამაკმაყოფილებელია. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი არის ჩვენთვის ფუნდამენტური ასპექტი და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამას ყველა განცხადებაში," - აცხადებს კოლომინა.

დღის ამბები