27 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
"ქართული ოცნება" რამდენიმე დღეში იმ გეგმის წარდგენას აპირებს, რომლის მიხედვითაც ბრიუსელის 12 დავალება უნდა შესრულდეს

"ქართული ოცნება" რამდენიმე დღეში იმ გეგმის წარდგენას აპირებს, რომლის მიხედვითაც ბრიუსელის 12 დავალება უნდა შესრულდეს. შეუსრულებელი არაფერია - ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია.

სახელისუფლებო გუნდი ოპონენტების ჩართულობას მხოლოდ პირველი პუნქტის შესასრულებლად ითხოვს, "ოცნება" თვლის, რომ პოლარიზაცია პოზიციისა და ოპოზიციის ერთობლივი მუშაობის გარეშე შეუძლებელია. მმართველი გუნდი ირწმუნება, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად ევროპელ პარტნიორებთან მუშაობას აპირებს.

ოპოზიციას კანდიდატის სტატუსი უნდა, თუმცა მმართველ გუნდს ბრიუსელის საშინაო დავალების შესასრულებლად საკუთარ პირობებს უყენებს. ხელისუფლების ოპონენტებისთვის "ოცნებამ" პირველ რიგში პოლიტიკური ნება უნდა გამოიჩინოს და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას მხარი დაუჭიროს. თუმცა, ოპოზიციის რიგებშიც არის აზრთა სხვადასხვაობა, "გირჩი" და გახარიას "საქართველოსთვის" მიიჩნევენ, რომ მიზნის მისაღწევად პირველ რიგში საერთო კონსენსუსია მისაღწევი.

გეგმას, რომლითაც ბრიუსელის 12 პუნქტიანი რეკომენდაციები უნდა შესრულდეს, "ქართული ოცნება" უკვე ამუშავებს. მმართველი პარტიის ხედვები, თუ როგორ უნდა განხორციელდეს პირობები, საზოგადოებისთვის ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება.

რეკომენდაციების შესრულების განსხვავებული ხედვა აქვთ ოპოზიციურ სპექტრში, რომლის ნაწილიც მიიჩნევს, რომ პირობები მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუკი ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობა შეიქმნება. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ახლა მნიშვნელოვანია დათქმების შესასრულებლად "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური ნება გამოიჩინოს, რაც მათი თქმით, მხოლოდ საზოგადოებრივი ზეწოლით მიიღწევა.

გამოსავლის ამ ფორმას არ ეთანხმებიან ოპოზიციის მეორე ნაწილში, სადაც ფიქრობენ, რომ რეკომენდაციების შესრულება საერთო კონსენსუსის შედეგი უნდა იყოს და ის მხოლოდ ერთი პარტიის მიერ არ უნდა განხორციელდეს.

"ქართული ოცნება" რეკომენდაციების შესრულების პროცესში მზად არის ითანამშრომლოს როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ისე არასამთავრობო სექტორთან და ექსპერტებთან, თუმცა მმართველი პარტია კომუნიკაციას ოპონენტების ნაწილთან მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებს, თუ ისინი საკუთარ რიტორიკას შეცვლიან. სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პარალელურად, პირობების განხორციელებისთვის მჭიდროდ ითანამშრომლებენ დასავლელ პარტნიორებთანაც.

კონკრეტულად როდის წარმოადგენს "ქართული ოცნება" რეკომენდაციების შესრულების გეგმას, ჯერ უცნობია, თუმცა მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჩატარებულ ბრიფინგზე, ჯერ კიდევ გუშინ დააანონსა, რომ ამ საკითხზე სამსჯელოდ უახლოეს დღეებში პოლიტსაბჭოც შეიკრიბება.

რეკომენდაციების შესასრულებლად საქართველოს ვადა იანვრამდე აქვს. სწორედ ამ პირობების განხორციელებაზეა დამოკიდებული მიიღებს თუ არა ქვეყანა კანდიდატის სტატუსს.

დღის ამბები