27 ნოემბერი 2024,   12:32
ვრცლად
პრემიერი მადრიდის სამიტზე - საქართველო იმ რამდენიმე ქვეყანას შორისაა, რომელიც არაწევრი სახელმწიფოებიდან ნატოს სამიტზე მიიწვიეს

ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრი ქვეყნების პარტნიორ სახელმწიფოებთან შეხვედრის ფორმატში შეხვდა. ალიანსის წევრებმა პარტნიორებთან მოლაპარაკება დახურულ ფორმატში გამართეს. საქართველოს ამ შეხვედრაზე სწორედ პრემიერ-მინისტრი წარმოადგენდა.

დახურულ ფორმატში მონაწილეობის გარდა ირაკლი ღარიბაშვილმა მოლაპარაკება არაერთი ქვეყნის პირველ პირთან გამართა. მადრიდში ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ბრიტანეთის პრემიერს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ბორის ჯონსონი მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მოიწვია. ორი ქვეყნის პრემიერებმა ყურადღება სტრატეგიულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე გაამახვილეს და სამომავლოდ მისი გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს. პრემიერმა ბორის ჯონსონს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები იყო განხილვის მთავარი საკითხები საფრანგეთის პრეზიდენტთან. ემანუელ მაკრონმა და ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილეს თუ რა მნიშვნელობა აქვს საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრას ირაკლი ღარიბაშვილი ”ტვიტერზეც” გამოეხმაურა.

მადრიდში ვიზიტის ფარგლებში პრემიერი საქართველოს კიდევ ერთი სტარეტგიული და მოკავშირე ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსაც შეხვდა. ჯო ბაიდენი და ირაკლი ღარიბაშვილი ესპანეთის მეფის სახელით ნატოს სამიტის მონაწილე სახელმწიფოების მეთაურების საპატივსაცემოდ გამართულ ვახშამს ესწრებოდნენ. შტატების პირველი პირის გარდა, საქართველოს პრემიერი დღესვე სენატის კონგრესმენთა დელეგაციის წევრებსაც შეხვდა. ჯინ შაჰინთან და ტომ ტილისთან საუბრის დროს ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ევროინტეგრაციისა და ნატოს წევრობის გზაზე.

საქართველოს მხადაჭერა რეფორმების გზაზე და ევროპული პერსპექტივა იყო ის მთავარი თემები, რაზეც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერმა პირისპირ შეხვედრაზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელთან საუბრის დროს საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებას ისტორიული უწოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო იმუშავებს იმ რეკომენდაციებზე, რომლის შესრულებაც ქვეყანას კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიანიჭებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ”ტვიტერის” საკუთარ გვერდზე დაწერა შარლ მიშელმაც. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, რეფორმების განხორციელების გზაზე ევროკავშირი საქართველოს დახმარებას განაგრძობს.

ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისა და რეფორმების მხარდაჭერისთვის მადლობა შვედ კოლეგას საქართველოს პრემიერმა პირადად უთხრა. მაგდალენა ანდეროსნთან შეხვედრის დროს პრემიერებმა ქვეყნებს შორის არსებული პოზიტიური ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა, თუ რა მნიშვნელობა აქვს შვედეთის დონორობას ქვეყნის დემოკრატიული და ინსტიტუციური მოდერნიზაციის პროცესში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქართულ დელგაციასთან ერთად მადრიდში მეორე დღეა იმყოფება. ესპანეთის მეფის, ფილიპე VI-ს სახელით, ნატო-ს სამიტის მონაწილე სახელმწიფოების მეთაურების საპატივსაცემოდ გაიმართა ვახშამიც, რომელსაც მსოფლიოს 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი ესწრებოდა. ლიდერებმა ერთობლივი ფოტოც გადაიღეს. შეკრებილ სტუმრებს კი სიტყვით ესპანეთის მეფემ მიმართა.

დღის ამბები