27 ნოემბერი 2024,   12:34
ვრცლად
"მიხეილ გალერი ამბობს, ივანიშვილი თუ პატრიოტია, ქვეყნიდან წავიდოდაო, ანუ პატრიოტები უნდა წავიდნენ და უჯიშოებს დარჩეთ ქვეყანა" - ირაკლი კობახიძე

როდესაც გეუბნებიან, რომ სააკაშვილი და გვარამია უნდა გათავისუფლდნენ და ივანიშვილი სანქციების ქვეშ მოექცეს, ამას როგორ შეიძლება არ უპასუხო? ეს არის უბრალოდ სირცხვილი და ამით პირველ რიგში ჩრდილს აყენებენ ევროკავშირის რეპუტაციას, - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" დასმულ შეკითხვას იმის შესახებ, იქონია თუ არა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე გავლენა "ქართული ოცნების" წევრების მიერ ევროპარლამენტარების შესახებ გაკეთებულმა განცხადებებმა.  

"ერთ-ერთ ციტატას მოვიყვან და შევაფასოთ, უნდა გაეცეს თუ არა ამას პასუხი. მთელი სულისკვეთება ჩანს კონკრეტული ამ ადამიანების, ეს არ არის, რა თქმა უნდა, ევროკავშირი, ღმერთმა დაიფაროს ევროკავშირი რომ ასეთი ციტატებით განისაზღვრებოდეს მისი სულისკვეთება, ეს არის კონკრეტული ადამიანების სულისკვეთება, რომლებიც არიან დაკავშირებული ჩვენს ოპონენტებთან. მაგალითად, მიხეილ გალერი, რომელიც არის გერმანელი ევროპარლამენტარი, ამბობს ასეთ რამეს, როგორ წარმოუდგენელ რამეს ამბობს თქვენ განსაჯეთ: "ივანიშვილი თუ პატრიოტიაო, ქვეყნიდან წავიდოდაო" ანუ პატრიოტები უნდა წავიდნენ ქვეყნიდან და უჯიშოებს უნდა დარჩეთ ეს ქვეყანა, ეს არის ის სცენარი, რომელსაც ვხედავთ. ვინც დგას სცენაზე ამ აქციაზე ძირითადად ეს არის "სირცხვილია“, "ნაცმოძრაობა" თავისი მედიასაშუალებებითა და NGO-ებით და ა.შ. ასეთი ადამიანების ხელში უნდა გალერს, რომ დარჩეს ქვეყანა. ივანიშვილისნაირი პატრიოტები უნდა წავიდნენ ქვეყნიდან და უჯიშო, უსამშობლო და უღმერთო ხალხის ხელში უნდა დარჩეს ქვეყანა. უპასუხოდ უნდა დავტოვოთ ასეთი განცხადება, რაც გალერმა გააკეთა? ეს ხომ წარმოუდგენელია.

მაგალითი ავიღოთ მარკეტა გრეგორევა, თავის ქვეყანაში მისი პარტია იღებს 15%-ს, ლიდერიც კი არ არის პოლიტიკური პარტიის და ჩვენ უნდა გვასწავლოს ჭკუა მარკეტა გრეგორევამ საქართველოში, როდესაც ჩეხ ხალხს ვერ არწმუნებს თავის ქვეყანაში," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია იმის საპირისპირო იყო, რაც ევროსაბჭოს მიერ მიღებულ დოკუმენტში ეწერა.

"ჩვენთვის აქვს ჩალის ფასი, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ არის მთლიანად ღირსებას მოკლებული ის დოკუმენტი, რომელიც დამტკიცდა. 300-მა კაცმა მისცა ხმა, 200-მა არ მისცა, იმ სამასიდან რამდენი ერკვეოდა იმ ყველაფრის შინაარსში მე არ ვიცი, მაგრამ ევროპარლამენტის დოკუმენტიდან პრაქტიკულად არაფერი არ გადასულა იქ[ევროსაბჭოს მიერ მიღებულ დოკუმენტში], პირიქით, სრული საპირისპირო რამე იყო, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ეწერა მილიონი სისულელე და ბოლოს ეწერა მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსიო და რაც შეეხება ევროკომისიას და ევროპულ საბჭოს, იქ არცერთი ეს სისულელე არ ეწერა და ბოლოს ეწერა, რომ კანდიდატის სტატუსი არ უნდა მოგვნიჭებოდა. ერთი მეორის ნეგატივი იყო ასე ვთქვათ, სრულად განსხვავდებოდა ერთი დოკუმენტი მეორისგან, იმიტომ, რომ ის არის პარლამენტი, პარლამენტი შედგება ჭრელი საზოგადოებისგან, ნებისმიერი პარლამენტი ასეთია და მათ შორის ევროპარლამენტი, რაც შეეხება ევროკომისია და ევროსაბჭოს, მას აქვს ბუნებრივია თავისი ბიუროკრატიული პასუხისმგებლობა და იქ ასეთ სისულელეებს არ ჩაწერენ. კეზერაშვილს მაგალითად ვერ მოიხსენიებ უწყინარ მედიამფლობელად და არ მოითხოვ მის გათავისუფლებას გამოძიებისგან და ა.შ." - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

დღის ამბები