27 ნოემბერი 2024,   12:26
ვრცლად
ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებამდე 6 თვეა - ურთიერთბრალდებები ქართულ პოლიტიკურ ველზე და ოპოზიციის ახალი ულტიმატუმები

პარტია "ლელო" ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს. მამუკა ხაზარაძის პარტია მმართველი გუნდისგან 3 ივლისამდე კონსულტაციების დასრულებას და ეროვნული თანხმობით შექმნილი მთავრობის ჩამოყალიბებას ითხოვს. 

პროტესტის რა ფორმას მიმართავს "ლელო" და აირჩევს თუ არა მამუკა ხაზარაძის პარტია კიდევ ერთხელ წარმომადგენლობითი ორგანოების ბოიკოტს, ჯერ არ აკონკრეტებენ. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ხელისუფლებას ვადას 3 ივლისამდე აძლევენ. ერთი კვირა კი, მათი თქმით, მმართველმა ძალამ სამოქალაქო საზოგადოებასთან და პარტიებთან კონსულტაციებს უნდა დაუთმოს. "ლელო" შესაძლოა ერთადერთი პარტია არ აღმოჩნდეს, რომელიც საპარლამენტო მუშაობაზე უარს იტყვის.

"ნაციონალური მოძრაობის" და "ლელოს" შესაძლო რადიკალური გადაწყვეტილებები "ქართულ ოცნებას" არ გაჰკვირვებია. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ოპოზიციის ნაწილის სტრატეგია ბაკურიანში შემუშავებული სცენარის განხორციელებაა და პარტიები გეგმის აღსრულებაზე გადავიდნენ. სახელისუფლებო გუნდი აქცენტს იმაზეც აკეთებს, რომ სამოქალაქო საზოგადოების მიერ დაანონსებული აქციისთვის მოსახლეობის მობილიზებას რეგიონებიდან ნიკა მელიასთან ერთად, ოპოზიციური პარტიების სხვა ლიდერებიც ცდილობენ.

მთავრობის გადადგომა და ეროვნული თანხმობით მთავრობის დაკომპლექტება - ეს ის მთავარი მოთხოვნებია, რომლის შესრულებასაც ოპოზიციის ნაწილი სახელისუფლებო გუნდისგან 3 ივლისამდე ელოდება. ოპოზიციის ნაწილი მოთხოვნებს ემიჯნება და ამბობენ, რომ აქციის ორგანიზატორების ულტიმატუმზე რეაგირება არ იქნება და მმართველი პარტია სიტუაციას ისევ საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებს.

ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნებში რადიკალიზმს ხედავენ როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებაში. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ოპონენტების მიერ არჩეული გზა წინააღმდეგობაშია იმ რეკომენდაციებთან, რომელიც საქართველოს გასათვალისწინებელი აქვს და ეს პირველ რიგში პოლარიზაციის დასრულებას ეხება.

 

 

დღის ამბები