27 ნოემბერი 2024,   12:35
ვრცლად
"ლელო" პარლამენტსა და საკრებულოებში პროტესტს აანონსებს - პარტია მმართველი გუნდისგან ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებას ითხოვს

"ლელო" პარლამენტსა და საკრებულოებში პროტესტს აანონსებს. პარტია  "ქართულ ოცნებას" მიმართავს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები პოლიტიკურ ჯგუფებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირების საკითხზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ორგანოებში ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობას ვეღარ გააგრძელებენ.

"ვფიქრობ, რომ არ არის დღეს სწორი ვისაუბროთ დეტალებზე. დღეს ჩვენ რასაც ვაფიქსირებთ, არის ორი რამ: ერთი, რომ "ქართულ ოცნებას" სრულად ეკისრება პასუხისმგებლობა დღეს მოლაპარაკებების დაწყებაზე, დროებითი ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირების და ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების გეგმის შემუშავებაზე და ამაზე უარის თქმა "ქართული ოცნების" მხრიდან იქნება დაკისრება მათთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობის ყველა შესაძლო შედეგზე, რაც შეიძლება ქვეყანამ მიიღოს ამ პროცესიდან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ცხადია, რომ ჰქონდეს ოპოზიციას ერთიანი მიდგომა ზოგადად პოლიტიკური ბრძოლის მიმართ, იმიტომ, რომ დღეს არ არის ის დრო, როდესაც პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგი შეიძლება იყოს უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ქვეყნის დღის წესრიგი," - განაცხადა პარლამენტის წევრი და პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილმა.

"ლელოს" პოზიციას იზიარებს "ნაციონალური მოძრაობა". როგორც პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრი ანა წითლიძე აცხადებს, თუ 3 ივლისამდე "ქართული ოცნება" კონკრეტულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მმართველ პარტიას აბსოლუტურად ყველა ინსტიტუციურ დონეზე პრობლემა შეექმნება.

"რეალურად ის, რაც ხდება და ის პირობები, რაც დაყენებულია სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, გულისხმობს იმას, რომ უკან დასახევი გზა რეალურად არ არის ამ ქვეყნისთვის.

ნებისმიერი მექანიზმი, იქნება ეს საკრებულოები, საპარლამენტო, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა თუ ა.შ. რომელიც იქნება დამატებითი მექანიზმი იმისთვის, რომ ხელისუფლებამ დაიხიოს უკან და შეასრულოს ეს მოთხოვნები, არის აბსოლუტურად ლეგიტიმური," - აცხადებს ანა წითლიძე.

"ლელოს" პოზიციას ბუნდოვანს უწოდებენ მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ თუ "ლელო" და ასევე სხვა პარტიები მიმართავენ პროტესტის ფორმას - პარლამენტის და საკრებულოების ბოიკოტს, მაშინ ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი ამომრჩევლის ნების საწინააღმდეგოდ და ასევე პოლარიზაციის გაღრმავებისკენ.

"სამწუხაროდ "ლელოს" განცხადებები ყოველთვის იყო ბუნდოვანებით მოცული და ახლაც ამას ჰგავს ერთის მხრივ. ჩვეულ რეჟიმში ვერ გაგრძელდება, ალბათ რას ნიშნავს ეს პირველ რიგში მათ უნდა ჰკითხოთ, იმიტომ, რომ საკრებულოშიც და პარლამენტშიც საზოგადოებამ აირჩია ყველა პოლიტიკური პარტია იმისთვის, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში იმუშაონ. გასაგებია, რომ ისინი ყოველთვის ხალხის გადაწყვეტილების საწინააღმდეგო ქმედებებს მიმართავენ ხოლმე, ამჯერადაც როგორც ჩანს ეს აქვთ განზრახული.

მეორეს მხრივ აუცილებლად უნდა ითქვას ის, რომ საუბრობენ ევროპელობაზე და ამ დროს ევროკავშირის ლიდერების და ზოგადად ევროკავშირის გადაწყვეტილებას აბსოლუტურ იგნორს უკეთებენ, იმიტომ, რომ იქ საუბარია გაერთიანებაზე, ასევე 12 პუნქტის შესრულებაზე, კონსულტაციებზე, რა თქმა უნდა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად და როდესაც შენ საუბრობ იმაზე, რომ მე არჩევნებით ვერ მოვიგე ხელისუფლება და ახლა შენ გადადექი და მე უნდა მოვიდე - ეს არ არის ევროპული სტანდარტი," - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები