ძლიერი წვიმის შედეგად დუშეთის მუნიციპალიტეტში ერთდროულად რამდენიმე ადგილას მეწყერი ჩამოწვა. მათ შორის, ჟინვალი-ბარისახო-შატილის ცენტრალურ გზის მონაკვეთი მეწყერის მასამ გაუვალი გახადა. სოფელ კანათიაში კი ინფრასტრუქტურა განადგურდა, დაზიანდა სახლები და შენობები.
ადგილზე მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა სამაშველო სამსახური. მუნიციპალიტეტში ინტენსიურად მიმდინარეობდა გზების გაწმენდითი სამუშაოები. დუშეთის მერის თქმით, ზოგიერთი სოფლიდან რამდენიმე ოჯახის გამოყვანა აუცილებლი გახდა.
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა სამეგრელოში. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოსა და სოფელ მედანში მიწის ნაკვეთები დაიმეწყრა. სოფელ მედანის ლარას უბანში, თხილნარსა და ყანებში ორ ჰექტარ მიწაზე ბზარები გაჩნდა. დაზიანებულია დენის ბოძი, გაზის მილი და წყალსაქაჩი სისტემა. მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თქმით, ბზარები იზრდება და თუ ასე გაგრძელდა, უსაფრთხოების მიზნით ტერიტორიიდან რამდენიმე ოჯახის გაყვანა საჭირო გახდება.
ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა რუსთავში. მშენებელთა და რუსთაველის ქუჩებზე კი მოტეხა მრავალწლოვანი ხეები და მოგლიჯა გარე განათების ელექტროსადენები. სტიქიამ
ხეები მოტეხა ცენტრალურ პარკშიც, სადაც დაზიანდა "ოქსიგენ ფესტისთვის" დამონტაჟებული სცენა და ინფრასტრუქტურა. ამ მიზეზით ფესტივალზე დაგეგმილი დღევანდელი ღონისძიებები გადაიდო.
საქართველოში ხვალიდან შედარებით გამოიდარებს. სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვან მატებასა და მთებში მეწყრული ზონების გააქტიურებას არ ელოდებიან.